თბილისის მერია “მარშრუტკ​ებში” მგზავრთა მთვლელების შესაძენად 3,3 მლნ ლარის ტენდერს აცხადებს

7

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო თბილისში მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრთა ნაკადების დასათვლელად სპეციალურ მთვლელებს ყიდულობს. სულ მერია ბიუჯეტის ფულით 1000 მთვლელს იყიდის, რისთვისაც 3,3 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. საშუალოდ, ერთი მოწყობილობის ღირებულება 3,3 ათასი ლარი გამოდის.

ტენდერის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას მოწყობილობები 2020 წლის 30 ივნისამდე უნდა მიაწოდოს ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად. კომპანიას თითოეულ ჯერზე მოთხოვნის შესასრულებლად 50-დღიანი ვადა ექნება. მოწყობილობების საგარანტიო ვადა 3 წელი იქნება.

თბილისში მოძრავი მიკროავტობუსები საერთო სატრანსპორტო ინტეგრირებულ სისტემაში ნაწილობრივ უკვე ჩართულია. ახალი, ლურჯი მიკროავტობუსებით, მეტროში ან ავტობუსებით ერთჯერადი გადახდით 90 წუთის განმავლობაში მგზავრობაა შესაძლებელი. მათ შორის, ვრცელდება ყველა შეღავათიანი ტარიფი, გადახდა კი მხოლოდ პლასტიკური ბარათით, ელექტრონულად არის შესაძლებელი.

Comments
Loading...