თბილისის მერია ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორის დასახმარებლად 2 მილიონ ლარს გამოყოფს

8

მიმდინარე პანდემიამ ეკონომიკა შესამჩნევად დააზარალა. გამონაკლისი არც შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულება, ელექტრონული მუსიკა და საკლუბო კულტურა აღმოჩნდა. ამ სფეროს ერთ-ერთ პირველს მოუწია ვირუსის გავრცელებისთანავე პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებთან შეჭიდება. კლუბური ცხოვრება გაჩერდა. რასაც ამ მიმართულებით 5000-მდე დასაქმებული ადამიანის და მათ უკან მდგომი ოჯახების შემოსავლის გარეშე დარჩენა მოჰყვა. დღეს ეს სექტორი გადარჩენისთვის იბრძვის. – თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული სექტორისთვის მერია დახმარების პაკეტს გამოყოფს.

“ეს არის სფერო, რომელმაც ჩვენს დედაქალაქს ევროპის და მსოფლიო მასშტაბით სახელი გაუთქვა, მოიზიდა უამრავი ტურისტი და ქვეყნის ეკონომიკურ თუ კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეიტანა.
აუცილებელია, რომ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება შევუმსუბუქოთ. ასევე ელექტრონული მუსიკის სივრცეებს და სხვა ორგანიზაციებს შევუნარჩონოთ სიცოცხლისუნარიანობა. სახელმწიფოს თანადგომით უნდა დავეხმაროთ ადამიანებს კვლავ აქტიურად განაგრძონ თავიანთი საქმიანობა კულტურის სფეროს ამ მიმართულებით.
​თბილისის მუნიციპალიტეტი, ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში, სექტორში ჩართულ ადამიანებთან კომუნიკაციის შედეგად, მათ სთავაზობს ფინანსური დახმარების პაკეტს, რომლითაც ​სარგებელს მიიღებს ამ მიმართულებით დასაქმებული მინიმუმ 500 შემოქმედი ადამიანი და 50-ზე მეტი ორგანიზაცია.
1.ფინანსური დახმარების პაკეტით პირველ რიგში, მუსიკოსები, არტისტები და ტექნიკური პერსონალი ისარგებლებს;
2. ელექტრონული მუსიკის სივრცეებისთვის მოხდება საიჯარო თანხების სრულად ან ნაწილობრივ მხარდაჭერა;
3. სფეროში ჩართული იურიდიული პირებისთვის მოხდება მხარდაჭერა განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე დადგენილი კომუნალური გადასახადების მხრივ;
4. ასევე, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დაიწყება ზაფხულის პერიოდში უსაფრთხო აღდგენის შესაბამისი სამუშაოების გაწევა.
იმედი გვაქვს რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებასთან, ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ახალი სიცოცხლე შევძინოთ ღამის ცხოვრებას”, –  განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხომაზე.
Comments
Loading...