თბილისის მერია ბათუმის ტრაგედიის დროს დაზარალებულებს დაეხმარება

11

8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, ნახევარი მილიონი ლარი გადაირიცხება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქის საკრებულომ უკვე განიხილა ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხი და თანხა, რომელიც „თბილისობის“ ღონისძიებისთვის იყო გამოყოფილი, სპეციალურად შექმნილ ფონდში გადამისამრთდება.

„როგორც მოგეხსენებათ, მივიღეთ გადაწყვეტილება „თბილისობის“ ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით. ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, სატელევიზიო კონცერტი, რომელიც უნდა გამართულიყო, არ გაიმართება და ამისთვის გამოყოფილ თანხას სპეციალურად შექმნილ ფონდში მივმართავთ, რომელიც ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად შეიქმნა. გუშინ საკრებულომ განიხილა თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი. სარეზერვო ფონდში გადამისამართდა „თბილისობისთვის“ გამოყოფილი ნახევარი მილიონი ლარი და ფონდიდან დღესვე გადაირიცხება დაზარალებული ოჯახებისთვის შექმნილი ფონდის ანგარიშზე. ეს არის თბილისის და თბილისელების ფული და ვინაიდან თბილისი არასოდეს გამდგარა განზე ასეთ დროს, ეს თანხაც იქნება ბათუმისადმი გამოხატული მხარდაჭერის, გვერდში დგომისა და თანაგრძნობის ერთგვარი გამოხატულება თბილისისგან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა.

სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.

შსს-მ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე 3 ადამიანი დააკავა.

სამივე მათგანს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

Comments
Loading...