თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ენერგეტიკის პანელს მოდერატორობას ეითნი თრინორი გაუწევს

349

ეითნი თრინორი საერთაშორისო სატელევიზიო ჟურნალისტი, მრავალი კონფერენციის პროფესიონალი მოდერატორი და ფასილიტატორია. ის დუბაიში მედიისა და კომუნიკაციის სპეციალისტებისთვის ტრენინგებსა და კონსულტაციებს ატარებს  ენერგეტიკის, ეკონომიკისა და განვითარების საკითხებზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ეითნი თრინორი OPEC-ის კონფერენციებისა და ვებტრანსლაციის ოფიციალური მოდერატორია. იგი მუშაობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, უძღვებოდა და მოდერატორობას უწევდა მრავალ საერთაშორისო ფორუმს, მათ შორის ისეთ კონფერენციებს, როგორიცაა SPE ყოველწლიური ტექნიკური კონფერენცია, საერთაშორისო ენერგეტიკული ფორუმი, WFES, ADIPEC, მსოფლიო ენერგეტიკული ფორუმი, აფრიკის გლობალური ბიზნესფორუმი და ა.შ.

თრინორი არის CNBC Arabia-ს  სპეციალური კონსულტანტი. იგი ასევე ამზადებდა სატელევიზიო ჟურნალისტებს ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ აფრიკასა და რუსეთში.

ეითნი თრინორი საერთაშორისო სატელევიზიო ჟურნალისტად მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა ABC News, Sky News, BBC World და CNBC Europe.  მას ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ევროპაში ტელეკომპანია Bloomberg-ის დაარსებაში.

თრინორის რესპოდენტების სიაში, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ათასობით წამყვანი პოლიტიკოსი, დიპლომატი, ენერგეტიკოსი და მაღალი რანგის ბიზნესმენია.

თრინორს დამთავრებული აქვს დუბლინის ტრინიტის კოლეჯი და კოლუმბიის კოლეჯი ჩიკაგოში. ეითნი თრინორი ასევე ფლობს ლონდონის ეკონომიკის სკოლის მაგისტრის ხარისხს.

Comments
Loading...