“თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ საყოველთაო ჯანდაცვიდან 200 მლნ იხარჯება”

460

"საქართველოში თამბაქოს მოხმარებას ყოველწლიურად 11 ათასი ადამიანის სიცოცხლე ეწირება და ასიათასობით ადამიანი სხვადასხვა დაავადებით  იტანჯება." – ინფორმაციას ამის შესახებ ექიმთა ასოციაცია ავრცელებს.

13 აპრილს, საქართველოს ექიმთა ასოციაციამ სპეციალური განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, სადაც არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს.

"საქართველოს ყოველი მესამე მოქალაქე  თამბაქოს მოიხმარს. აქტიური მოხმარების გარდა პრობლემაა ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყანაში შესაბამისი რეგულაციების არარსებობისა და არაეფექტურობის გამო იძულებით ისუნთქავს თამბაქოს მეორად და მესამეულ კვამლს. საგანგაშოა, რომ მათ შორის, განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ არიან ბავშვები, მოზარდები და ახალგაზრდები.

სავალალო სტატისტიკის თანახმად,  თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან 200 მლნ იხარჯება, დანარჩენი კი მოქალაქეების ჯიბეებიდან იკარგება.  ჯამურად ამ პრობლემით გამოწვეული ჯანდაცვითი ზიანი ერთ მილიარდ ლარზე მეტია.

არსებული სოციოლოგიური კვლევებით ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა თამბაქოსგან თავისუფალ  გარემოს და თამბაქოს რეკლამის აკრძალვას ელოდება. სამწუხაროდ, ამაოდ, რადგან 2013 წელს, თამბაქოს კონტროლის ეფექტურად განხორციელების მიზნით დაწყებული უაღრესად მნიშვნელოვანი მოძრაობა შეფერხდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის შესაბამისი სამთავრობო კომისიაც შეიქმნა და სტრატეგია და სამოქმედო გეგმაც დამტკიცდა, საქმე წინ არ წასულა, ისევე, როგორც მანამდე იყო,  საქართველო 2006 წლიდან თამბაქოს ჩარჩო კონვენციის წევრია. თუმცა, წლების განმავლობაში საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულება არ სრულდებოდა. ეს ფაქტი 2013 წლის ივნისში დაადასტურა კონვენციის სამდივნომ. ახლახან იგივე განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა.

სასიხარულოა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტმა ინტენსიურად გააგრძელა მუშაობა ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე – რეალურად აღსრულდეს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები და ყველა დახურული ტიპის საზოგადო შენობებსა და ტრანსპორტში,  ასევე ზოგიერთ ღია სივრცეში მოწევა აკრძალოს, ასევე აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამა, სპონსორობა და პოპულარიზაცია, გამარტივდეს და გაიზარდოს საჯარიმო სანქციები.

ვიმედოვნებთ, რომ პარლამენტი უახლოეს პერიოდში მიიღებს თამბაქოს კონტროლის ყოვლისმომცველ კანონმდებლობას და დააწესებს მონიტორინგს მის აღსრულებაზე. ეს რეალურად დაიცავს ასეულ ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და გახდება რეალური საფუძველი თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინიციატივის განხორციელებისა, – საქართველო 2030 წლისთვის გახდეს თამბაქოსგან თავისუფალ ქვეყნად ( ანუ თამბაქოს მოხმარება მინიმუმ 5%-ზე დავიდეს)." – ნათქვამია განცხადებაში.

Comments
Loading...