ზურაბ ნოღაიდელი: საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზრდება და ეს უნდა დაბალანსდეს საკუთარი გენერაციით

ბოლო პერიოდში, ქართულ მედიაში, არაერთხელ გახმაურდა ინფორმაცია, რომელიც ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფებს და ზოგადად იმპორტის სტრუქტურას არასწორად და მცდარი მიდგომებით გადმოსცემდა. რა ღირს იმპორტირებული დენი სინამდვილეში და რამდენად ვყიდულობთ სხვადასხვა ქვეყნიდან და რა პერიოდებში, რის საფუძველზე დებს სახელმწიფო შესასყიდი ელექტროენერგიის კონტრაქტებს და რა განსაზღვრავს კონკურენციას ამ სფეროში, ამ კითხვებზე კომპანია „ელ გრინის“, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტიორის, სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენელმა ზურაბ ნოღაიდელმა "აიპრესთან" ისაუბრა.

16

„ელექტროენერგიის მიღება  ოთხივე მეზობელი ქვეყნიდან შეგვიძლია. საქართველოს ენერგოსისტემისთვის, რადგან ის არ არის  მსხვილი ენერგოსისტემა, პარალელურ რეჟიმში ყოფნა ერთ-ერთ მსხვილ ენერგოსისტემასთან მნიშვნელოვანია, თუნდაც სიხშირის და უსაფრთხოების რეჟიმების შესანარჩუნებლად.

ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო ან რუსეთთან, ან აზერბაიჯანთან მაინც პარალელურ რეჟიმში  უნდა იყოს.  ელექტროენერგიის უმსხვილესს საიმპორტო პარტნიორად საქართველოსთვის დღეს რჩება ან რუსეთი, ან აზერბაიჯანი.  2020 წელს საქართველოს იმპორტის ბაზარზე თურქეთიც გამოჩნდა – ეს ფასების გამო მოხდა მხოლოდ და მხოლოდ. კორონა ვირუსის გამო თურქეთში ელექტროენერგიის ფასები მკვეთრად შემცირდა და, ფაქტობრივად, წლის მეორე ნახევარში აზერბაიჯანიდან იმპორტი ფასით უკვე  თურქეთთან იყო კონკურენციაში. მიუხედავად იმისა, რომ მსხვილ იმპორტიორად კვლავ რუსეთია.

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი – დეფაქტო აფხაზეთის მოხმარებამ შეადგინა მთელი მოხმარების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. აფხაზეთის გაზრდილი მოხმარება ენგურჰესის  გამომუშავებით და აგრეთვე, რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტით დაბალანსდა. ეს ელექტროენერგია არც ჩვენი ბიუჯეტიდან და არც ესკოსგან არ დაფინანსებულა, დეფაქტო აფხაზეთის ე.წ. მთავრობის და რუსეთის მიერ იყო დაფინანსებული და სუბსიდირებული. ეს იყო წინა წლის ნოემბერში და დეკემბერში. სინამდვილეში, დე ფაქტო აფხაზეთის მოხმარებას თუ არ ჩავთვლით,  2020 წელს საქართველოში იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა,“ – აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი.

– მედიაში ხშირად გვხვდება ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთიდან და თურქეთიდან და ისმის კითხვა, რატომ ყიდულობს საქართველო ენერგიას ძვირად, თუ უფრო იაფად არის შესაძლებელი?

– მოდით, რიცხვებით ვისაუბროთ და არა ზედაპირული ემოციებით. განვიხილოთ, ელექტროენერგიის იმპორტის სტრუქტურა 2021 წლის იანვრის მაგალითზე. ცხადია, წარსულის მაგალითების მოყვანაც შეგვიძლია, მაგრამ იანვრის მაგალითი ყველაზე კარგად წარმოაჩენს რეალურ სურათს. მოგეხსენებათ, ენგურჰესი 21 იანვარს უკვე გაჩერდა და ქვეყანამ წინასწარ მიიღო ზომები მომატებული იმპორტის რეჟიმზე მუშაობისთვის.

2021 წლის იანვარში, ენგურჰესის გაჩერების გამო, საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა შეადგინა 414,1 მილიონ კილოვატ საათი – 262,3 მილიონ კილოვატ საათი რუსეთიდან  და დაახლოებით 151,8 მილიონ კილოვატ საათი აზერბაიჯანიდან განხორციელდა. ერთი შეხედვით, ჩანს, რომ რუსეთიდან იმპორტი  უფრო მეტია, ვიდრე აზერბაიჯანიდან.

ახლა უფრო დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხი:  რუსეთიდან იმპორტის დიდი ნაწილი 182,4 მილიონ კილოვატ საათი დაიხარჯა აფხაზეთის მოხმარების დაბალანსებაზე და  შესაბამისად არც „ესკოს“ და არც სახელმწიფო ბიუჯეტს ამაში თანხა არ გადაუხდია. მიწოდება დაბალანსდა რუსეთის მიერ სუბსიდირებული ელექტროენრგიით დე-ფაქტო აფხაზეთისთვის.

79,9 მილიონ კილოვატ საათის იმპორტი რუსეთიდან „ესკომ“ ქვეყნის მოხმარებისთვის განახორციელა. რუსეთის იმპორტის ფასები იანვარში, შემოთავაზებული კონტრაქტით იყო დასვენების დღეებში 4,1 ცენტი; ღამის 10  საათის განმავლობაში – 4,1 ცენტი; დღის და საღამოს 14 საათის განმავლობაში – 7,8 ცენტი.

ეს არის საკონტრაქტო ფასი რუსეთიდან, მაგრამ იმის გამო, რომ  იანვრის პირველი 10 დღე რუსეთში სულ უქმეები იყო, საქართველოსთვის კომერციულად უფრო მოგებიანი გახდა რუსეთიდან იმპორტის განხორციელება პარალელურ რეჟიმში.

აზერაიჯანიდან იმპორტის ნაწილი 47, 2 მილიონი კილოვატსაათი, მთელი თვის განმავლობაში მიეწოდა პირდაპირ მომხმარებლებს, ხოლო 12, 9 მილიონ კილოვატსაათი ტრანზიტით გავიდა თურქეთში.

იანვარში თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი ვერ განხორციელდებოდა, რადგან ელექტროენერგიის ტრანზიტი პირიქით აზერბაიჯანიდან თურქეთში მიდიოდა.  მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო და ეს  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლდა ელექტროენერგიის ტრანზიტი საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან თურქეთში.

104,3 მილიონ კილოვატსაათის იმპორტი საქართველომ აზერბაიჯანიდან განახორციელა იმპორტიორ „ელ გრინთან“ დადებული კონტრაქტით. ფასები იყო დასვენების დღეებში  3,9 ცენტი; ღამის  10  საათის განმავლობაში – 3,9 ცენტი;  დღის და საღამოს 14 საათის განმავლობაში – 5,4 ცენტი.

ლოგიკურია, რომ სიიაფის გამო, 11 იანვრიდან მოყოლებული ესკომ იმპორტი უკვე განახორციელა აზერბაიჯანიდან და არა რუსეთიდან. საქართველო გადავიდა პარალელურ რეჟიმში აზერბაიჯანთან, იმიტომ რომ ელემენტარული არითმეტიკაა – დასრულდა დასვენების დღეები რუსეთში და უკვე აზერბაიჯანიდან  იმპორტზე ელექტროენერგიის უკეთესი ფასი დაფიქსირდა – 4,1-სა და 7,8 ცენტს დაბალი ფასით სჯობს  3,9 და 5,4  ცენტი.

– არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში არის მოცემული ეს რიცხვები. რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ იანვრის იმპორტის გასაჯაროების შემდეგ?

– ეს არის რეალობა, რომელიც ფაქტებით და „ესკოსა“ და აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტიორს „ელ გრინს“ შორის ხელშეკრულებით არის გამყარებული. სხვა ყველაფერი არის ან დაუდასტურებელი მოსაზრებები, ან გაურკვეველი ინტერპრეტაციები, რომელიც ინფორმაციის ნაკლებობით შეიძლება აიხსნას. საინფორმაციო ვაკუუმის შევსების მიზნით, კომპანია „ელ გრინმა“ მიიღო გადაწყვეტილება და ყოველი თვის 15 რიცხვში, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით, საჯაროობისა და გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით, აუცილებლად გამოვაქვეყნებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ფასები იყო შემოთავაზებული საანგარიშო თვეში ელექტროენერგიის იმპორტზე აზერბაიჯანიდან.

დამერწმუნეთ, საზოგადოებას მივაწვდით სრულ ინფორმაციას და მოვუყვებით, თუ რამ განაპირობა და რა ფაქტორებმა იმოქმედეს კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე. არც იმას დავმალავთ, რამდენად ვეთანხმებით „ესკოს“ მიერ მიღებულ ვერდიქტს.

ჩემს მიერ მოყვანილი მაგალითიდან კარგად ჩანს, რომ იანვარში სახელმწიფომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. თუნდაც, იმ თვალასაზრისითაც, რომ ქვეყანა მზად ყოფილიყო ენგურჰესის გაჩერების დროს ნორმალური ფუნქციობისთვის. იმისთვის, რომ სისტემა მომზადებულიყო  თავიდან ბოლომდე და იმპორტი მიეღო სხვადასხვა წყაროდან.

მიიღო კიდეც ორი  წყაროდან, შესაბამისი დროის მონაკვეთში საუკეთესო პირობებით: იანვრის პირველიდან 10 რიცხვამდე რუსეთიდან, ყველაზე უკეთეს პირობებში და 11-დან  31 რიცხვის ჩათვლით აზერბაიჯანიდან, რუსეთის ელენერგიაზე უკეთესი ფასით.

ხოლო იმისათვის, რომ საქართველოს საერთო ჯამში, რაც შეიძლება ნაკლები ფასი გადაეხადა საიმპორტო ელექტროენერგიაში, მართალია მცირე რაოდენობის, მაგრამ ტრანზიტი აზერბაიჯანიდან თურქეთში განხორციელდა, და ესეც დამატებითი შემოსავალი იყო საქართველოს ენერგოსისტემისთვის.

მანამდეც, სხვა წლებშიც, რუსეთიდან იმპორტი ძირითადად ხდეობდა ან სექტემბერ-ოქტომბერში, იმ დროს როდესაც ელექტროენერგიის მეტი იმპორტი იყო შესაძლებელი ღამის საათებში უკეთეს ფასად და იანვარში, როდესაც იქ ბევრია დასვენების დღეები. დანარჩენ თვეებში და დღეებში ელექტროენერგიის იმპორტი ხდებოდა უკვე აზერბაიჯანიდან, რადგან აზერბაიჯანს აქვს უკეთესი ჯამური პირობები და, რააკვირველია დაბალი ფასი.

გვსურს, რომ ეს თემა და ეს საკითხები იყოს საჯარო და გამჭვირვალე… სპეკულაციისთვის და არასწორი ინტერპრეტაციებისთვის ნაკლები ადგილი, ან სულაც არ დარჩება. თან ეს არ იქნება ერთჯერადი საჯაროობის აქტი. თებერვლის თვის იმპორტზე, მარტის მეორე დეკადაში, აუცილებლად გავაკეთებთ განმარტებებს.

– იმპორტის თვალსაზრისით, ყველაფერი როგორც ჩანს, ნათელია. რა გეგმები გაქვთ ექსპორტის მიმართულებით?

– რაც შეეხება ჩვენს საქმიანობას ექსპორტის მიმართულებით, „ელ გრინი“  უფრო მეტად ფიქრობს პროექტებზე, რომლებიც  უზრუნველყოფს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის სრულფასოვან გაცვლას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეძლოს საექსპორტო პოტენციალის დაგროვება და  რეალურად ჭარბი ელექტროენერგიის გამომუშავება. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ დღეს  ვართ ორ ბიზნესში, ეს არის ელექტროენერგიის იმპორტი და ტრანზიტი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სერიოზული გეგმები გვაქვს ექსპორტთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უკეთესია, საქართველოს ჰქონდეს ჭარბი ელექტროენერგია. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, ნაკლები იმპორტი განვახორციელოთ აზერბაიჯანიდან და მეტი ელექტროენერგიის ტრანზიტი და ექსპორტი განვახორციელოთ საქართველოს გავლით ევროპაში.

შარშან, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის მესამედი პირდაპირ მიეწოდა მომხმარებლებს ისე, რომ ამაში ესკოს ფული არ დაუხარჯავს. იმედი  მაქვს, რაღაც მომენტში, ასეთი პრეცედენტები პრაქტიკად ჩამოყალიბდება ელექტროენერგიის იმპორტის სრულ მოცულობაზე. იმპორტირებულ ენერგიას პირდაპირი კონტრაქტებით მიიღებს მომხმარებელი ბირჟის მეშვეობით, რომელიც,  რეფორმის ფარგლებში, 1 ივლისიდან ამოქმედდება. ამის შემდეგ უფრო ნაკლები საუბარი და სპეკულაცია იქნება თემაზე, თუ საიდან უნდა ხდებოდეს ელენერგიის იმპორტი. ეს იყო ჩვენი მიზანიც, როდესაც შევქმენით კონკურენტული გარემო და პირობები საქართველოს ელექტროენერგეტიკის ბაზარზე.

პანდემიასთან და  შესაბამისად გენერაციის ფასების  შემცირებასთან ერთად შეიქმნა ვითარება, როდესაც საქართველოში საიმპორტო ელ-ენერგიის ფასი მცირდებოდა მთელი გასული წლის განმავლობაში, განსაკუთრებით, წლის მეორე ნახევარში და ეს პროცესი გრძელდება 2021 წლის დასაწყისშიც.

მიმაჩნია, რომ მთავარი ეს არ არის. ფასების შემცირების წინააღმდეგი არავინაა, მთავარია, რომ საქართველოს ეკონომიკა რამდენიმე თვეში დაუბრუნდეს თავის ზრდის მაჩვენებლებს, რისი დიდი იმედიც გვაქვს.  შესაბამისად, ელექტროენერგიის მოხმარებაც გაიზრდება, რომელიც თავდაპირველად შეიძლება დაბალანსდეს იმპორტით, მაგრამ საბოლოო ჯამში, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, საკუთარი ენერგეტიკული ობიექტების გამომუშავების ხარჯზე, ანუ საკუთარი გენერაციით.

Comments
Loading...