ზურაბ ნოღაიდელი: საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებაში “ელ გრინმა” გადამწყვეტი როლი შეასრულა

7

„2015 წლამდე ელექტროენერგიის იმპორტის ბაზარზე მონოპოლისტი იყო რუსეთი. ასეთი ვითარება იყო მანამ, სანამჩვენი კომპანია არ გამოჩნდა ბაზარზე და შევიდა კონკურენციაში“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს.

„მუდამ აღვნიშნავ ხოლმე, რომ „ელ გრინის“ მისია და მიზანი იმთავითვე არ ყოფილა საქართველოს ბაზარზე ელექტროენერგიის იმპორტირება, ჩვენ აზერბაიჯანული ენერგიის თურქეთში ტრანზიტის მიმართულებით ვოპერირებდით. მაშინ თურქულ ბაზარზე რეგიონში ყველაზე მიმზიდველი ფასები იყო, მაგრამ შემდგომში პანდემიამ ეს ვითარება შეცვალა და „ელ გრინისთვის“ აზერბაიჯანულიელექტროენერგიის ქართულ ბაზარზე იმპორტირება ასევე საინტერესო გახდა. როგორც კი კონკურენცია შედგა რუსულ და აზერბაიჯანულ წყაროებს შორის, იმპორტის მაშინდელი ფასი 7 – 7,5 ცენტიდან 5 ცენტამდე შემცირდა. ეს არის ნათელი გამოხატულება იმისა, თუ რა სიკეთე მოაქვს ჯანსაღ კონკურენციას“, – განმარტავს ნოღადელი.

მისი თქმით, ამას დაემატა ის შესაძლებლობაც, რომ თებერვალ-მარტის პერიოდში, როცა რუსეთიდან ელექტროენერგიის გადმოტანა, რეჟიმული თვალსაზრისით, ზვავსაშიშროების გამო, ძალიან რთულია დასარისკოა, ბაზარს ალტერნატივად, როგორც ფასის, ისე უწყვეტი მოწოდების თვალსაზრისით, გამოუჩნდა ისევ აზერბაიჯანული წყარო და იმპორტის ფასები კიდევ უფრო შემცირდა.

„ბუნებრივია, იმან, რომ საჭირო იყო მეტი ენერგიის იმპორტი, უკვე აზერბაიჯანი გახადა საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი. კონკურენციამ, როგორც აღვნიშნე, ფასებიც დაასტაბილურა. შემდეგ უკვე, როცა ფასებმა თურქეთშიც იკლო, აზრი მიეცა იმპორტის თურქეთიდანაც განხორციელებასაც.

ტექნიკურად იმპორტი სომხეთიდანაც შესაძლებელია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მათთვის ეკონომიკურად მიმზიდველი არ არის. ანუ, საქართველოში ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის თვალსაზრისით შეიქმნა კონკურენცია და ამან განსაზღვრა კიდეც იმპორტის რეალური საბაზრო ფასი. მე, როგორც კომპანია „ელ გრინის“ წარმომადგენელს, შემიძლია სიამაყით იმის აღნიშვნა, რომ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებაში და ფასების დასტაბილურებაში ჩვენმა კომპანიამ გადამწყვეტი როლი შეასრულა“, – განაცხადა ნოღაიდელმა.

Comments
Loading...