ზურაბ ნოღაიდელი: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რატომ შენდება ესა თუ ის მსხვილი ენერგეტიკული ობიექტი

17

„საქართველოში უნდა აშენდეს ყველაფერი, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ყველა არსებული წესის დაცვით“,  – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა.

ნოღაიდელს მიაჩნია, რომ უნდა აშენდეს ყველაფერი, იქნება ეს ორსართულიანი შენობა, ღელეზე გადებული ხიდი, შიდა მოხმარების გზა, თუ მაგისტრალი, მცირე ჰიდროელექტროსადგური, თუ მსხვილი ჰიდროელექტროსადგური, მაგალითად, ისეთი, როგორიც ნამახვანის მასშტაბის ობიექტია. „აქ მთავარი არის ის, რომ ნებისმიერი გარემოსდაცვითი, სეისმოლოგიური, გეოლოგიური თუ სხვა, ასევე, ნებისმიერი სოციალური თუ ტექნიკური წესი, რაც დღეს არსებობს საქართველოში, უნდა იყოს განუხრელად დაცული. ამ პროცესში ჯანსაღი უნდობლობა საჭიროც კი არის. კითხვები უნდა არსებობდეს, დისკუსია აუცილებელია და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მხარეებს უნდა შეეძლოთ“, – განმარტავს ნოღაიდელი.

მისი თქმით, სამწუხაროდ,  დღეს დისკუსია გადასულია უკვე იმაში, რომ საერთოდ არაფრის განვითარება არ გვინდა საქართველოში. „საერთოდ არ გვინდა, არათუ მსხვილი, არამედ არანაირი ჰიდროელექტროსადგური. ვისაც მსგავსი განწყობა აქვს, მასთან საუბრის აზრს ვერც ვხედავ. მაგრამ საზოგადოებამ საქართველოში უნდა იცოდეს, თუ რატომ უნდა აშენდეს, მაგალითად, იგივე ნამახვანი. რატომ უნდა აშენდეს ესა თუ ის სხვა მსხვილი ენერგეტიკული ობიექტი“, – აღნიშნა ნოღაიდელმა.

Comments
Loading...