ზურაბ ნოღაიდელი: ენერგეტიკის განვითარების მთავარი წინაპირობა ბაზრის გახსნილობაა

8

„ელექტროენერგეტიკა არ არის მხოლოდ ტექნიკური დარგი. ეს არის უზარმაზარი ბიზნესი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ვაჭრობის კომპონენტი“, – ამის შესახებ ელექტროენერგიის იმპორტიორი კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა.

მისი თქმით, აქაც, როგორც საზოგადოდ ყველა ბიზნესში,  განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ბაზრის გახსნილობაა. „ბაზარიკიდევ უფრო გახსნილი და გამჭვირვალე გახდება. ენერგეტიკის ბირჟის შექმნის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. შესაბამისად, კონკურენცია დაიწყება, არა მხოლოდ ელექტროენერგიის იმპორტისას, არამედ ელექტროენერგიით ვაჭრობის პროცესშიც.

უახლოეს მომავალში, ივლისიდან, ამოქმედდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა და ე.წ „დეი ჰედ მარკეტი“ – „ერთი დღით ადრე ბაზარი“ შეიქმნება. ეს წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ჩვენ ცოტა სიფრთხილე მაინც გვმართებს, რადგან საქართველოს ენერგოსისტემა ჯერ კიდევ დეფიციტურია და რამდენად იქნება ეს ბაზარი ფინანსური თვალსაზრისით ეფექტური მყიდველებისთვის, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს“, – აღნიშნა ნოღაიდელმა.

მისი განმარტებით, ეს საკითხი არ ეხება მოსახლეობისთვის საჭირო ელექტროენერგიას. აქ საუბარია პირდაპირ მომხმარებლებზე, საწარმოებზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იგივე დასაქმებისა თუ სამუშაო ადგილების დამატებით შექმნის კუთხით და პროდუქციაზე ფასების სტაბილურობის თვალსაზრისით.

ნოღაიდელს მიაჩნია, რომ ბირჟის ამოქმედება, გარკვეული რისკების მიუხედავად, ცალსახად სწორი ნაბიჯია.

„ეს ნაბიჯი გაამართლებს და ამის იმედს მაძლევს ის გარემოება, რომ ჩვენ ზამთრის, ანუ დეფიციტურ პირობებშიც კი ელექტროენერგიის მიღება 4 სხვადასხვა წყაროდან შეგვიძლია. ანუ, აქაც კონკურენცია განსაზღვრავს ყველაფერს და ეს იძლევა სიმშვიდის საშუალებას და იმის განცდას, რომ პირდაპირი მომხმარებლები ბირჟის მეშვეობით, დროის ამა თუ იმ კონკრეტულ მონაკვეთში, ყველაზე კონკურენტუნარიან ფასად შეიძენენ ელექტროენერგიას.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ამ ეტაპს, ვფიქრობ, ბაზრის ფიგურანტები, საკმაოდ მშვიდად შევხვდებით, გადავიტანთ, შევეგუებით და მოხერხებულად და წარმატებითაც ვიოპერირებთ“, – განაცხადა ნოღაიდელმა.

Comments
Loading...