ზურაბ ნოღაიდელი: ენგურჰესის მოხმარების 60/40-ზე პარიტეტი დეფაქტო აფხაზეთს არ უნდა დავარღვევინოთ

11

„ენგურჰესისა და ვარდნილჰესების ენერგია სამართლიანად, ანუ იმ დათქმის თანახმად უნდა განაწილდეს, რასაც მხარეთა შორის არსებული შეთანხმება გულისხმობს -გამომუშავებული ენერგია 60/40-ზე უნდა გადანაწილდეს. ეს არის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც 60% ქართული მხარის განკარგულებაში უნდა დარჩეს, ხოლო 40% დეფაქტო აფხაზეთის ადმინისტრაციის. ენგურჰესის მოხმარების 60/40-ზე პარიტეტი დეფაქტო აფხაზეთს არ უნდა დავარღვევინოთ“, – ამის შესახებ კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ დღესვე უნდა დაიწყოს ზრუნვა იმაზე, რომ მხარეებს შორის არსებული ეს შეთანხმება მკაცრად იქნას დაცული.

„ვფიქრობ ეს მიზანი არ არის რთულად მისაღწევი და ამ სტრატეგიაში მთავარ როლს ითამაშებს ის ფაქტი, რომ ენგურჰესის რემონტზე გაჩერების შემდეგ, საქართველოს ბიუჯეტმა არ დაასუბსიდირა აფხაზების მოხმარება და ის დღეს ბალანსდება რუსეთიდან იმპორტით სალხინოს და კავკასიონის ხაზებით.

შეთანხმების მიხედვით აფხაზებს ენგურჰესისა და ვარდნილჰესების რესურსიდან -40% ეკუთვნის, ანუ 1.64 მილიარდი კილოვატ/საათი. შესაბამისად,მათი მთლიანი მოხმარების (3.04 მილიარდი კილოვატ/საათი) დეფიციტი, დაახლოებით 1.4 მილიარდი კილოვატ/საათი სხვა წყაროებიდან უნდა შეივსოს. ამ მოცულობის ელექტროენერგიის საბაზო ფასი, იგივე რუსეთიდან იმპორტის შემთხვევაში, დაახლოებით 75 მილიონ დოლარს შეადგენს. აუცილებელია, დღესვე და ყოველდღე, კიდევ ერთხელ და ძალიან მკაფიოდ განემარტოს დეფაქტო აფხაზეთის ადმინისტრაციას, რომ არც საქართველოს ბიუჯეტი, არც ესკო და არც საქართველოს მოსახლეობა არ დაასუბსიდირებენ ამ თანხას“, – განმარტა ნოღაიდელმა.

მან ასევე ახსნა, თუ რა მიზეზები განაპირობებს ბოლო წლებში დეფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის წარმოუდგენელ ტემპს.

ნოღაიდელის განცხადებით, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დრამატული ზრდა აფხაზეთში 2018 წლიდან ფიქსირდება. „ბუნებრივია, ჩნდება კითხვა –  რატომ გაიზარდა აფხაზეთის ენერგომოხმარება და რაში სჭირდებათ, სად მიაქვთ, რას აწარმოებენ ამ მოცულობის ენერგიით, – პასუხი მარტივია და ერთადერთი: დეფაქტო აფხაზეთში ელექტროენერგიის 70%, და შესაძლოა მეტიც, იხარჯება კრიპტოვალუტის მაინინგის ფერმების დენით უზრუნველყოფაზე. გასულ და მიმდინარე წელს კი ამას დაემატა რუსეთიდან უწყვეტი ნაკადით შემოსული ე.წ.  ობილური მაინინგის ფერმები, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია დიდი ხარვეზებით მიეწოდება“, – აღნიშნა მან.

Comments
Loading...