“ვცდილობთ, საბორნე მიმოსვლა საქართველოს შავი ზღვისა და ევროპის პორტებს შორის იყოს რეგულარული”

360

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს საქართველოსა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. როგორც გიორგი გახარიამ "იმედის" ეთერში, აღნიშნული შეხვედრის შესახებ საუბრისას აღნინა, საუბარი იყო ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის საბორნე მიმოსვლა საქართველოს შავი ზღვის პორტებსა და ევროპის შავი ზღვის პორტებს შორის. მისი თქმით, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი, ახალი კომპონენტი ჩვენი კორიდორის ფუნქციონირებისათვის.

"თურქეთთან ხელი მოვაწერეთ ეკონომიკური და სავაჭრო საკითხებზე სავაჭრო კომისიის შექმნას, რომელიც სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებადი ორგანო იქნება, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს სავაჭრო ურთიერთობებს.

თურქეთი ჩვენი ძალზედ მსხვილი ეკონომიკური პარტნიორია. ჩვენი სავაჭრო ბრუნვა 1,5 მილიარდი გახლავთ, მთავარი აქ ისაა, რომ ჩვენ ახლაც ვმუშაობთ თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გადახედვაზე, რამეთუ ვცდილობთ, რომ ეს ხელშეკრულება გახდეს უფრო ეფექტიანი, განსაკუთრებით ჩვენთვის, რადგან ვიცით, რომ სავაჭრო ბალანსის პოზიციებით ცოტა სუსტად ვართ.

ჩვენ დღეს ვეცადეთ თურქული მხარისთვის აგვეხსნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაფორმებისა და გადახედვის შედეგად ჩვენ ველოდებით სერიოზულ გაუმჯობესებას ქართული მეწარმეობისთვის კონკრეტული პოზიციების მიმართებაში, რათა გაიხსნას ქართული ბიზნესისთვის თურქეთის ბაზარი.

ჩვენ აგრეთვე ვესაუბრეთ თურქულ მხარეს, რა ეტაპზეა დღეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, რომ ტენდერი ჩატარებულია, რომ მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია, რომ სამშენებლო პროექტები შეთანხმებულია დიდწილად და მალე დაიწყება მშენებლობა.

საუბარი გვქონდა ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის საბორნე მიმოსვლა საქართველოს შავი ზღვის პორტებსა და ევროპის შავი ზღვის პორტებს შორის. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი, ახალი კომპონენტი ჩვენი კორიდორის ფუნქციონირებისათვის, ჩვენ სახელმწიფოს ჩართულობით ვცდილობთ, რომ საბორნე მიმოსვლა საქართველოს შავი ზღვის პორტებსა და ევროპის პორტებს შორის, როგორიც არის კონსტანცა და ბურგასი, იყოს რეგულარული, ეს ხელს შეუწყობს, რომ კორიდორი გახდეს უფრო ეფექტური და მომგებიანი გადამზიდავებისთვის", – აცხადებს გიორგი გახარია.

Comments
Loading...