ვის შეეხება “შავი სიიდან” ამოსვლა და სასესხო დავალიანების ჩამოწერა – ფინანსთა მინისტრის განმარტება

114

დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ ცნობილი გახდა, რომ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს, რომელიც “შავ სიაშია” და ძირი თანხა 2000 ლარს არ აღემატება, სასესხო დავალიანება ჩამოეწერება. საუბარია ძირზე, პროცენტზე, ჯარიმაზე. დავალიანებას სრულად დაფარავს ფონდი “ქართუ”.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი განმარტავს, ქვეყანაში არის ჭარბვალიანობის პრობლემა, რომელიც ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია ეკონომიკის განვითარებისთვის. ამაზე მოქმედი პრემიერი, მამუკა ბახტაძეც საუბრობდა ფინანსთა მინისტრობის დროს.

ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, “შავ სიაში” დაახლოებით 700 ათასი ადამიანია.

“ეს არის საქართველოს შრომის უნარიანი მოსახლეობის მესამედი, რომელიც რეალურად გამოთიშული იყო ეკონომიკურ ცხოვრებას. არანაირი მოტივაცია ამ ადამიანებს არ ჰქონდათ, რომ მოეძებნათ სამსახური, რადგან ვალის ბორკილი, რომელიც მათ ეკიდათ, ხელს უშლიდათ, რომ ჩართულიყვნენ ეკონომიკურ აქტივობაში”, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ მოსახლეობა ამ მდგომარეობამდე უპასუხისმგებლო დაკრედიტებამ მიიყვანა.

“ყველა საფინანსო ინსტიტუტი ძალიან იოლად, შეუმოწმებლად იძლეოდა კრედიტებს, შესაბამისად მერე იყო ძალიან დიდი ჯარიმები, პროცენტი, ძალიან ბევრი ადამიანი გადახდისუუნარო ხდებოდა. ეს იყო მახინჯი მოდელი”, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, ამოქმედდა რეგულაციები.

“დღეიდან ვერც საფინანსო ინსტიტუტები შეძლებენ ასე იოლად და “უპრაგონოდ” დაკრედიტებას და ვერც ფიზიკური პირები შეძლებენ ასეთი სესხების აღებას”, – აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

მისი თქმით, არსებული პრობლემის “სიმწვავე” სრულად გაიზიარე ფონდმა “ქართუმ”.

“ფონდი “ქართუ”, როგორც არაერთხელ მხარში ამოუდგა ჩვენს ქვეყანას ამ პრობლემის გადასაჭრელად. ბანკებთან და არა მხოლოდ, სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ჩატარდა რამდენიმე რაუნდი მოლაპარაკების, რის შედეგადაც მიღწეული იქნა კონსესუსი”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, 600 000-მდე ადამიანი, რომლებსაც სასესხო დავალიანება ჩამოეწერებათ, შეირჩნენ შემდეგი კრიტერიუმით – 1 წელზე ხანდაზმული ვალი აქვთ გადასახდელი და ძირი თანხა 2000 ლარს არ აღემატება. ეს ინიციატივა შეეხება მათაც, ვისაც მაგალითად ორი სესხი აქვს სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციაში და არც ერთი არ აღემატება 2 000 ლარს.

მინისტრი აქვე განმარტავს, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ “შავი სიიდან” გათავისუფლების მიზნით, ე.წ. პატიოსანი გადამხდელი აფინანსებს იმ პირის სესხს, რომელიც “შავ სიაშია”, აბსოლუტური სპეკულაციაა.

ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, არაუგვიანეს 3 დეკემბერს იქნება სპეციალური ვებგვერდი, სადაც ე.წ. შავ სიაში მყოფ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ, შეეხებათ თუ არა მათ დავალიანების ჩამოწერა.

“პირადი მონაცემი დაცული იქნება და დეტალები არ გამჟღავნდება. შემდეგ დასაზუსტებლად იმ საფინანსო ინსტიტუტს მიმართავს, ვისგანაც ჰქონდა სესხი აღებული”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
სასესხო დავალიანების ჩამოწერა დაიწყება 15 დეკემბერს და მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

Comments
Loading...