ვერა-მარტინი: საქართველოს ეკონომიკაზე მოქმედი დაღმავალ რისკებს შორისაა სავაჭრო პარტნიორების დაბალი ზრდა

43

20-26 თებერვალს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა სსფ-ს (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) მისია ქალბატონი მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით. მისიის მიზანი იყო ქვეყნის ეკონომიკური ვითარების მიმოხილვა, საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება და სტრუქტურული რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესის შეფასება.

“2019 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის 4.6 პროცენტით ზრდა. მაღალი ხარჯები ინფრასტრუქტურაზე (2018 წლის ბოლოს გაწეული ხარჯების ჩათვლით) დააბალანსებს ნაკლებ პოზიტიური საგარეო გარემოს და კრედიტის დაბალი ზრდის გავლენას ეკონომიკაზე. ინფრასტრუქტურული ხარჯვის მატების პარალელურად უნდა გაუმჯობესდეს პროექტების შერჩევის და მართვის პრაქტიკა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 8 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი, მაღალი ექსპორტის და ფულადი გადმორიცხვების შედეგად.

ეკონომიკურ პერსპექტივაზე მოქმედი დაღმავალ რისკებს შორისაა სავაჭრო პარტნიორების დაბალი ზრდა, საერთაშორისო სავაჭრო დაძაბულობა და კრედიტის ზრდის მოსალოდნელზე მეტად შენელება. საპასუხოდ საჭიროა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად და რეზერვების დასაგროვებლად, მოქნილი გაცვლითი კურისის შენარჩუნებით.

სსფ-ს მისია იწონებს ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევას სტრუქტურული რეფორმების გატარების კუთხით და აღნიშნავს შემდგომი ნაბიჯების საჭიროებას ინკლუზიური ზრდის და გარეშე შოკების მიმართ ეკონომიკის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ხელისუფლებამ აამოქმედა რეგულაცია მოსახლეობის ჭარბვალინობისგან დასაცავად, ასევე დახვეწა ფისკალური წესები.

მიმდინარეობს მუშაობა გადახდისუუნარობის ახალ კანონზე, რისკებზე დაფუძნებული დღგ-ს ავტომატური ანაზღაურების სისტემის ასამუშავებლად და ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს შესაქმნელად. არსებული ეკონომიკური გარემო ქმნის საშუალებას განათლების სისტემის და ბიზნეს გარემოს დასახვეწად, საქართველოს გზების გასაუმჯობესებლად და სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად. ეს რეფორმები კერძო სექტორს გარდაქმნის ეკონომიკური ზრდის მამოძრავებლად, მოახდენს ეკონომიკის დივერსიფიკაციას და გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონეს.” – განაცხადა საქართველოში სსფ-ს (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) მისიის ხელმძღვანელმა ქალბატონმა მერსედეს ვერა-მარტინმა.

Comments
Loading...