ვენების სასწრაფო დახმარების პუნქტი სტარტს იღებს

631

8 აპრილიდან თბილისი მოლში, ვენების სასწრაფო დახმარების პუნქტი განთავსდება და დაინტერესებულ ადამიანებს გაუწევს უფასო კონსულტაციას ქრონიკული ვენური დაავადებების განვითარებისა და მისი პროგრესირების რისკის შესახებ, გააცნობს პრევენციის მექანიზმებსა და გაუზიარებს რეკომენდაციებს, რომლის გათვალისწინება აუცილებელია დაავადების თავიდან აცილების მიზნით.  

ვენების სასწრაფო დახმარების პუნქტში განთავსდება დოპლერის კაბინეტი, რაც პაციენტების სრულფასოვანი გამოკვლევის საშუალებას იძლევა.

კამპანია საქართველოს ანგიოლოგებისა და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის ეგიდით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ქრონიკული ვენური დაავადებების მიმართ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას და მკურნალობის ხელშეწყობას. 

"ხშირად თვლიან, რომ ქრონიკული ვენური დაავადება გამოხატული უნდა იყოს  გაგანიერებული ან ვარიკოზული ვენებით. ეს მცდარი მოსაზრებაა. ვენური ტკივილები საწყის სტადიაზე ხილული ნიშნების გარეშე, ქვედა კიდურებში დისკომფორტის შეგრძნებით იჩენს თავს და მას აუცილებლად სჭირდება ამ სტადიაზევე მკურნალობა. ამიტომაც მნიშვნელოვანია კონსულტაციის გავლა. ექიმის გარეშეც შესაძლებელია გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელიც დაავადების გავრცელების რისკს შეამცირებს – ეს არის ცხოვრების სტილის მოდიფიკაცია და მედიკამენტური მკურნალობა", – აცხადებს ზაზა ლაზარაშვილი, საქართველოს ანგიოლოგებისა და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის პრეზინდენტი.

აქცია თბილისი მოლის ტერიტორიაზე ერთი თვის განმავლობაში, 14 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ყოველ შაბათ-კვირას (15-16 აპრილის გარდა), 11:00-დან 18:00 საათამდე,  ვენების სასწრაფო დახმარების პუნქტში მისული პაციენტები უფასო კონსულტაციით ისარგებლებენ.

ქრონიკული ვენური დაავადება ფართოდ გავრცელებულია მთელ მსოფლიოში – ძირითადი სიმპტომები, როგორიც არის ტკივილი, სიმძიმე და შეშუპება ქვედა კიდურებში განსაკუთრებით ზაფხულში იჩენს თავს. სტატისტიკის მიხედვით, 10-დან 8 ადამიანს გამოხატული აქვს ქრონიკული დაავადების ესა თუ ის ფორმა. მიუხედავად იმისა, რომ დაავადებულ პაციენტთა უმრავლესობას ქალბატონები წარმოადგენენ, მამაკაცებიც საკმაოდ ხშირად ავადდებიან.

ქრონიკული ვენური დაავადების რისკჯგუფში არიან ადამიანები გენეტიკური პრობლემებითა და ჭარბი წონით, მშობიარობით (განსაკუთრებით 2-ზე მეტი), სპორტსემენები გარკვეულ სპორტულ სახეობებში და დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც ხშირად უწევთ ხანგრძლივად ჯდომა, ან დგომა პროფესიიდან გამომდინარე. 

ვენების სასწრაფო დახმარება მობილური პროექტია, რომელმაც სტარტი 2016 წელს აიღო და 3000-მდე დაინტერესებულ ადამიანს გაუწია უფასო კონსულტაცია.

Comments
Loading...