ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო

17

ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, წყალარინების ქსელები, ადგილობრივების მოთხოვნის საფუძველზე, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის N5ა და N5ბ კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე განახლდება.

სამუშაოების ფარგლებში, კორპუსების ტერიტორიაზე სრულად გამოიცვლება მილები და ჭები, რეაბილიტირებულ პერიმეტრზე კი, ასფალტის საფარი დაიგება.

პროექტის ღირებულება 111 500 ლარს შეადგენს. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ოკრიბა“ ახორციელებს.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ნოდარ ტურძელაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად შეხვდა.

„გასული წლების მსგავსად, ამხანაგობებთან თანამშრომლობას აქტიურად განვაგრძობთ. ამჟამად, დავიწყეთ კიდევ ორი კორპუსის წყალარინების ქსელების მოწესრიგება, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტია. აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო პროექტის დასრულებისას ამხანაგობას საერთო ანგარიშზე შეგროვილი თანხა ექნება, რასაც საერთო საჭიროებებს მოახმარებენ“, – განაცხადა დავით კვინიკაძემ.

მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ტურძელაძის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად, წყალმომარაგების ახალი სისტემით 100 ოჯახი ისარგებლებს.

„აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ 100 ოჯახი ისარგებლებს წყალმომარაგების ახალი, ხარისხიანი სისტემით. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და განვიხილავთ მათთვის მნიშვნელოვან, სხვადასხვა საკითხებს“, – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, მსგავსი პროექტები დედაქალაქის მასშტაბით გაგრძელდება, რაც მოქალაქეების საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს.

„გრძელდება ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და განახლება. შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნულ მისამართზე სამუშაოების ხარისხი და ტემპი საკმაოდ მაღალია. დედაქალაქში დაგეგმილია წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება და რეაბილიტაცია.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჩვენი თანამოქალაქეების საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება“, – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

Comments
Loading...