ვანო ჩხარტიშვილმა ლონდონის სასამართლოში პატარკაციშვილების ოჯახს დავა მოუგო

525

„9 დეკემბერს ლონდონის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო პატარკაციშვილების კომპანიების სარჩელი ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ და ამით საბოლოოდ დაუსვა წერტილი იმ სამწლიან დავას, რომელიც არაკეთილსინდისიერი ძალების მიერ იქნა ინსპირირებული.“ – ინფორმაციას ამის შესახებ ვანოჩხარტიშვილის ადვოკატი ავრცელებს.

მისი თქმით, ვანო ჩხარტიშვილმა მოიგო ყველა სასამართლო პროცესი ოჯახთან როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. პირველი საქმე , რომელიც ყველაზე ღირებულ სადაო აქტივს-ყულევის ტერმინალის აქციებს შეეხებოდა, დიდი ბრიტანეთის ვირჯინიის სასამართლოში 2013 წლის ოქტომბერში ვანო ჩხარტიშვილის გამარჯვებით დასრულდა. დავა წარიმართა ქართულ სასამართლოშიც, სადაც ვანო ჩხარტიშვილმა მოიგო როგორც პირველი , ასევე მეორე ინსტანცია.

„ლონდონის სააპელაციო სასამართლომ, საფუძვლიანად განიხილა რა პატარკაციშვილების კომპანიების პრეტენზიები ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ, დაუშვებლად მიიჩნია სარჩელი და გააუქმა ლონდონის პირველი ინსტაციის მოსამართლე პიტერ სმიტის გადაწყვეტილება. ცნობისთვის, ახლახანს პიტერ სმიტს, ინგლისის მოსამართლეთა კოლეგიამ არაეთიკური საქციელის, სამართლისა და სამართლიანობის არაადეკვატური აღქმისთვის შეუჩერა მოსამართლეობის უფლება. ლონდონის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო, რადგან ზემდგომ უზენაეს კოლეგიაში, მხოლოდ ისეთი სამართლებრივი თემები განიხილება, რომლებიც განსაკუთრებულ საჯარო ინტერესს წარმოადგენს ან სამართლებრივად არ გააჩნია პრეცედენტი.

არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ მიუხედავად უსამართლო პრეტენზიებისა, დავის მთელი პერიოდის განმავლობაში, ჩვენი მხრიდან არასოდეს განხორციელებულა ქმედება, რომელიც ჩრდილს მიაყენებდა ბადრი პატარკაციშვილის ხსოვნას და მისი ოჯახის რეპუტაციას. იმედს ვიტოვებთ, ლონდონის სასამართლოს 9 დეკემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, ოჯახი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს და ბოდიშს მოიხდის ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციისა და ცილისმწამებლური მედია კამპანიებისთვის, რომელსაც ბოლო 4 წელი ატარებდნენ.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პატარკაციშვილების ოჯახს მიტმასნილი თაღლითებისა და ცრუ მოწმეების ორგანიზებული ჯგუფი, რომლებიც გამოძალვისა და გამორჩენის მიზნით, შანტაჟსა და ფსიქოლოგიურ ტერორს აწარმოებდნენ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ, აუცილებლად მიიღებენ საკადრის პასუხს. ვანო ჩხარტიშვილი უახლოეს პერიოდში აპირებს სპეცილური ბრიფინგის ჩატარებას, სადაც საჯაროდ იქნება მხილებული ამ ჯგუფის წევრები და მათი კრიმინალური ქმედებები.
ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისთვის ეს დავა, უპირველესად, იყო ღირსების საქმე და მოხარული ვართ, რომ სიმართლის დაცვა მსოფლიოს ყველაზე მიუკერძოებელ და ავტორიტეტულ ბრიტანულ სასამართლოში მოხდა.“- განცხადებას ვანო ჩხარტიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

Comments
Loading...