ვაკის რაიონში ნობათები 1200-ზე მეტ ადამიანს დაურიგდა

28

თბილისის მასშტაბით, მათ შორის ვაკის რაიონში, გამგეობების მიერ სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის სხვადასხვა ნობათის დარიგების პროცესი გრძელდება. კომპანიების და ფიზიკური პირების მიერ შეძენილი პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ვაკის რაიონში 1200-ზე მეტ ადამიანს გადაეცა და ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს.

„ ჩვენ ვიცით ყველა კატეგორიის მოსახლეობის საჭიროებები ჩვენს რაიონში. რა დახმარებებსაც გასცემდა ვაკის გამგეობა – მედიკამენტების, სამედიცინო მომსახურების დაფინანსება თუ მიზნობრივი ფულადი დახმარება – რა თქმა უნდა, ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, გარდა ერთი გამონაკლისისა. მოგეხსენებათ, გამგეობის ნაცვლად, დოკუმენტაციას ჩვენი მოქალაქეები მერიაში აბარებენ.

რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ეს არის 70 წელს გადაცილებული მოხუცებულები, რომლებსაც არ შეუძლიათ დღევანდელი რეგულაციების პირობებში სახლიდან გამოსვლა და არიან სოციალურად დაუცველი სტატუსის მატარებლები ან სიდუხჭირეში მყოფი ადამიანები. ჩვენ ავიღეთ პირველ პრიორიტეტად ასეთი ადამიანების დახმარება. ვაკის რაიონში უკვე 1200 ადამიანზე მეტს გადავეცით პროდუქტები.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კერძო სექტორის წარმომადგენლებს ამ თანადგომისთვის და ასეთ დროს სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის. ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ადამიანებს, ფიზიკურ პირებს , რომლებსაც აქვთ საშუალება და სურვილი, რომ დაეხმარონ მარტოხელა ხანდაზმულებს“, – განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ.

ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ. ნობათს, რომელიც როგორც საკვებ პროდუქტს, ისე პირველად საჭიროების ნივთებს მოიცავს, მარტოხელა მოხუცებს „წითელი ჯვრის“ მოხალისეები და გამგეობების თანამშრომლები გადასცემენ, რომელთაც უსაფრთხოების მიმართულებით სპეციალური ტრენინგი აქვთ გავლილი.

Comments
Loading...