ვაკის რაიონში ნობათები უკვე 500-ზე მეტ ხანდაზმულს გადაეცა

21

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერია და რაიონული გამგეობები. ვაკის რაიონის გამგეობის თანამშრომლები ნაწილობრივ დისტანციურად, ასევე, სხვადასხვა ლოკაციაზე 24 საათიან რეჟიმში განაგრძობენ სხვადასხვა პროექტის განხორციელებას და შეჭირვებული ადამიანების დახმარებას.

ამავე რეჟიმში მუშაობს ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე. ჩვენ მას პანდემიის პირობებში ვაკის რაიონში მიმდინარე პროექტებზე, აქციებზე და ზოგადად საგანგებო რეჟიმში მუშაობის გრაფიკზე გავესაუბრეთ.

„მსოფლიოში და საქართველოში არსებული გამოწვევებიდან და საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე უკვე რამდენიმე კვირაა გადავედით მუშაობის სხვა – განსაკუთრებულ რეჟიმზე. ამის პარალელურად, არ შეჩერებულა რაიონის მასშტაბით დაწყებული თითქმის არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის წარმოება, რაც ასევე მნიშვნელოვანია. დაზიანებული ინფრასტრუქტურის განახლება უსაფრთხოების წესების დაცვით გრძელდება, ასევე გრძელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშროლობა, სოციალური დახმარებების გაცემა.

თბილისის მერია და გამგეობები ვართ სრულ მზადყოფნაში ამ მძიმე და რთულ პერიოდში. ჩვენი თანამშრომლები ყველა წესის და უსაფრთხოების ნორმების დაცვით, 24 საათიან რეჟიმში ემსახურებიან იმ ადამიანებს, რომლებსაც ახლა განსაკუთრებული თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო მომსახურების ახალი წესი, რომელიც ამოქმედდა ჩვენს უფასო სასადილოებში. ბენეფიციარებს, რომლებსაც არ აქვთ გადაადგილების პრობლემა, მზა საკვები მიაქვთ სახლში, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც საჭიროებენ საკვების ადგილზე მიტანას, დატრენინგებული მოხალისეები უსაფრთხოების წესების დაცვით, სპეციალური ეკიპირებით ემსახურებიან. კერძოდ, აღნიშნული ცვლილება ეხება განსაკუთრებული რისკის ქრონიკული დაავადების მქონე ბენეფიციარებს და მარტოხელა მოხუცებს.

მნიშვნელოვანია, რომ მოხალისეები მობილიზებულები არიან ყოველი უფასო სასადილოს შესასვლელთან. ისინი უზრუნველყოფენ რიგების რეგულირებას საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით; აკონტროლებენ შესასვლელში დეზინფექციის პროცედურას; ბენეფიციარებს კი მათთვის საჭირო დამატებით ინფორმაციას აწვდიან. ვფიქრობ, კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან ასაცილებლად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ვაკის რაიონში ჩვენ ყოველდღე სხვადასხვა უბანში – ვაჟა-ფშაველას კვარტლებში, ნუცუბიძის მიკრორაიონებში და ცენტრალური ვაკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებთან მივდივართ და ვუტოვებთ მათ საკვებს.

მეორე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და აქციაა – ხანდაზმულებისთვის დახმარების გაწევა. ეს არის კერძო სექტორის და ფიზიკური პირების ჩართულობა მარტოხელა მოხუცების დახმარების პროცესში. უკვე დაახლოებით, სამი კვირის განმავლობაში არაერთმა კერძო კომპანიამ და ასევე სხვადასხვა ფიზიკურმა პირმა გამოთქვა სურვილი და გამგეობებს გადმოგვცა უამრავი სახეობის პროდუქტი, ასევე პირველადი მოხმარების ნივთები, რომლებიც მიგვაქვს სოციალურად დაუცველ ხანდაზმულ ადამიანებთან. ეს ადამიანები არიან რისკის ჯგუფში, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა იყვნენ იზოლაციაში.

მათ არ აქვთ ელემენტარული პირველადი მოხმარების ნივთების და საკვების შეძენის საშუალება. ამიტომ, ყველა ერთად უნდა დავუდგეთ გვერდში. ამ დღეების განმავლობაში ვაკის რაიონში 500-ზე მეტი ასეთი ადამიანი გავახარეთ და ეს პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

ქველმოქმედებაში ჩართვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ორგანიზებით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ჰიპერმარკეტების ქსელ „აგროჰაბსა“, “გუდვილში“ და “კარფურში” შეიძინონ პროდუქტები, რომელსაც ადგილზე მყოფი „წითელი ჯვრის“ მოხალისეები დააფასოებენ და თბილისის გამგეობების თანამშრომლების ჩართულობით, ხანდაზმულებს დაურიგებენ.

„აღსანიშნავია, რომ მარტოხელა ხანდაზმულებისთვის, რომლებსაც აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გაგრძელდება და სისტემატურ ხასიათს მიიღებს. ამ ეტაპზე ყველა ის პროდუქტი, რომელიც უნდა დარიგდეს თბილისის მასშტაბით, გროვდება ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში. ჩვენი ყოველდღიურობაც სხვა სამუშაოებთან ერთად, უკავშირდება ამ კეთილ საქმეს, რაშიც ძალიან გვეხმარებიან წითელი ჯვრის მიერ დატრენინგებული მოხალისეები. დიდი მადლობა მათ ამ დახმარებისთვის და დიდი მადლობა ჩვენი გამგეობის თანამშრომლებს, რომლებიც ჯანმრთელობის რისკის ფასად დაუღალავად შრომობენ იმაზე უფრო მეტს, ვიდრე ჩვეულ რეჟიმში“, – განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.

ამ პროცესის მიმდინარეობისას გამგეობის თითოეული თანამშრომელი აღჭურვილია სპეციალური ეკიპირებით, სხვადასხვა სადეზინფექციო და დამცავი საშუალებით.

„მთელ მსოფლიოში სამედიცინო სფეროს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები სახლში დარჩენისკენ მოგვიწოდებენ. მეც, ასევე, მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევების გარდა, დარჩეთ სახლში, მოერიდოთ შეკრებებს, გაუფრთხილდეთ თქვენს ოჯახის წევრებს და, რაც მთავარია, საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ამიტომ უნდა გვწამდეს, რომ უფლის დიდებით, უფლის სიყვარულით ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ჩვენ კი ვიმუშავებთ თქვენთვის და მაქსიმალურად დაგეხმარებით, რომ ეს რთული პერიოდი რაც შეიძლება უფრო უმტკივნეულოდ გადავიტანოთ. ყველას გვყავს პატარა ბავშვები, რაც დამატებით სიფრთხილეს და ყველა წესის დაცვას მოითხოვს. ამიტომ, მაქსიმალურად მოვერიდოთ გარეთ გამოსვლას, მოვუსმინოთ მედიცინის სპეციალისტებს და გავითვალისწინოთ მათი რჩევები, პირველ რიგში, ისევ ჩვენი პატარებისთვის და მოხუცებისთვის“, – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

 

Comments
Loading...