ვაკის რაიონში მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა

19

ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებითა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით წყნეთში მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა.

შეჯიბრი გუნდებს შორის ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგად, საუკეთესო სამი გუნდი და ფეხბურთელი გამოვლინდნენ.

მესამე ადგილზე გავიდა გუნდი “ვაკე”, მეორეზე – “ფენიქსი”, პირველი ადგილი კი, გუნდმა “მეგობრები” დაიკავა.

გამარჯვებულები ფულადი პრიზებით, თასით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაესწრო.

ტურნირი ახლად რეაბილიტირებულ სპორტულ მოედანზე ჩატარდა. თანამედროვე სტანდარტების ფეხბურთის მოედანი 960 კვ. მეტრის ფართობზე განთავსდა, მოეწყო სტადიონის ბეტონის საფუძველი, მოედანი შემოიღობა, გარშემო მოეწყო გულშემატკივართა ტრიბუნა, განათება, მოპირკეთდა საფეხმავლო ბილიკი, დაიგო სტადიონის რბილი საფარი.

სპორტული მოედნის რეაბილიტაციის პროექტი, გამგეობის დაკვეთით, შპს „ქუალითიმ“ განახორციელა.

Comments
Loading...