ესპანური კომპანია “REPSOL”-ი საქართველოში ნახშირწყალბადების პოტენციალს შეისწავლის

136

28 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და ესპანეთის ნავთობისა და გაზის ნავთობკომპანია "REPSOL"-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მემორანდუმს საქართველოს მხრიდან ხელი ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა გიორგი ტატიშვილმა, ხოლო ესპანური კომპანიის მხრიდან, "REPSOL" გლობალური ახალი მიმართულებების დირექტორმა მიქელ ერქუიგამ (Mikel Erquiaga) მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, კომპანია "REPSOL"-ი მის ხელთ არსებული მასალების შესწავლისა და გადამუშავების შედეგად მოამზადებს და სახელმწიფოს გადასცემს მტკვრის აუზის ნახშირწყალბადების პოტენციალის შეფასების ანგარიშს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათი შემდგომი ათვისებისთვის. მემორანდუმის  ფარგლებში, ქართველი სპეციალისტები "REPSOL"-ის მონაცემთა ბაზაში გადამზადებას გაივლიან. ანგარიში სახელმწიფოს  საშუალებას მისცემს, მტკვრის აუზში ძიების პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვროს.

"REPSOL" 1987 წელს დაფუძნდა. დღეს  ის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის  მსხვილ კომპანიას წარმოადგენს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. კომპანიას უჭირავს მსოფლიოში  მე-14-ე ადგილი   ნავთობკომპანიებს შორის.

Comments
Loading...