ეროვნულმა ბანკმა კონტრციკლური ბუფერის 0%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

13

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას აქვეყნებს. გადაწყვეტილების მიხედვით, სები კონტრციკლურ ბუფერს უცვლელად, 0%-ზე ინარჩუნებს. ამავე გადაწყვეტილების მიხედვით ეროვნული ბანკი 2022 წლის პირველი იანვრიდან ბანკებისთვის ბუფერების აღდგენის პროცესს დაიწყებს. ეს ბუფერები 2020 წლის გაზაფხულზე პანდემიის დაწყების დროს მოიხსნა, რაც მაშინ საბანკო სისტემისთვის 1.6 მილიარდი ლარის რესურსის გამოთავისუფლებას ისახავდა მიზნად, თუმცა მომდევნო წლიდან ბანკებმა ბუფერების შევსება უნდა დაიწყონ. 

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება:

2021 წლის აპრილის მონაცემებით, ბანკები კაპიტალის და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებენ. წლის დასაწყისიდან მომგებიანობის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ბანკები 2021 წელს სოლიდური მოგებით დაასრულებენ. მომგებიანობის ზრდას ხელს უწყობს მაღალი საკრედიტო აქტივობა და დარეზერვების შემცირება, რაც 2020 წელს სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების წინასწარ შექმნითაა განპირობებული. აღსანიშნავია, რომ ამჟამად, საშეღავათო პერიოდით საკრედიტო პორტფელის 10% სარგებლობს. ამავდროულად, აქტივების ხარისხის შეფასება გრძელდება, თუმცა უმოქმედო სესხების მაჩვენებლის მატერიალური ზრდა არაა მოსალოდნელი. კომიტეტის შეფასებით, ბანკების მიერ შექმნილი სესხების შესაძლო დანაკარგის რეზერვი ადეკვატურად ასახავს პანდემიიდან გამოწვეულ მოსალოდნელ საკრედიტო დანაკარგის დონეს. ამიტომ მათ ფინანსურ მაჩვენებლებზე, ამ მხრივ, დამატებითი ნეგატიური გავლენა მოსალოდნელი არ არის. შესაბამისად, კომიტეტის შეფასებით, 2021 წელს საბანკო სექტორი მდგრადობას შეინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას გააგრძელებს.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, კრიზისის დასაწყისში გამოთავისუფლებული ბუფერების აღდგენა 2022 წლის 1 იანვარს დაიწყება და 2 წელი გაგრძელდება. ბანკებს არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის (CICR) ბუფერის აღსადგენად დრო 2023 წლის 1 იანვრამდე, ხოლო კაპიტალის კონსერვაციის ბუფერის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი 2024 წლის 1 იანვრამდე მიეცემათ. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც პანდემიის გავლენის მასშტაბების და ეკონომიკის აღდგენის დინამიკის შეფასება უკეთესად არის შესაძლებელი, ვიდრე ეს პანდემიის დასაწყისში იყო, შოკის შესაძლო გავლენა ფინანსურ სექტორზე დიდწილად უკვე ასახულია. გაურკვევლობა პანდემიის დასრულების ვადებთან დაკავშირებით კვლავ მაღალია, თუმცა საბაზისო სცენარში საკრედიტო დანაკარგების მნიშვნელოვანი გადახედვა მოსალოდნელი არაა. შესაბამისად, კომიტეტმა 2020 წლის მარტში გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების მოთხოვნის ეტაპობრივი აღდგენა მიზანშეწონილად მიიჩნია. კაპიტალის ბუფერების მოთხოვნის აღდგენის დაწყების თარიღად 2022 წლის 1 იანვარი განისაზღვრა და აღნიშნული თარიღიდან 2 წლის განმავლობაში ბანკებმა კაპიტალის მოთხოვნა სრულად უნდა დააკმაყოფილონ. აღსანიშნავია, რომ ბანკებში არსებული კაპიტალის ბუფერებისა და მოსალოდნელი მომგებიანობის გათვალისწინებით, ბუფერების მოთხოვნის აღდგენა საკრედიტო აქტივობაზე, სხვა თანაბარ პირობებში, მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს. ამავდროულად, დღეისათვის არსებული პროგნოზები ბანკებს საშუალებას აძლევს აღნიშნული ბუფერები მოცემულ ვადაზე ადრე აღადგინონ, რა შემთხვევაშიც მოიხსნება კაპიტალის განაწილებაზე დაწესებული შეზღუდვები (დივიდენდის გაცემა, აქციების გამოსყიდვა, წილობრივი ინვესტიციების განხორციელება და ცვალებადი ანაზღაურების ვალდებულების შექმნა მენეჯმენტის ბონუსების გასაცემად).

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა. 2021 წლის აპრილში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 9.8% შეადგინა, რაც, მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული. ამასთან, სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც წინა პერიოდებში მაღალი საკრედიტო ზრდისა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს. აღსანიშნავია, რომ გლობალურად ვითარების გაუმჯობესების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა შოკიდან გამოსვლას განაგრძობს. წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ოთხი თვის განმავლობაში მშპ-ის რეალური ზრდა მოსალოდნელზე მაღალი იყო და 8.1% შეადგინა, რაც ვალის ტვირთის მდგრად დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კრიზისის დასაწყისში გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების აღდგენის პროცესი და კრიზისამდე დაგეგმილი კაპიტალის დონის და ხარისხის გაუმჯობესება („პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესის” მიხედვით) მომდევნო პერიოდში ბუნებრივ კონტრციკლურ როლს შეასრულებს. კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ წელს საკრედიტო პორტფელის ზრდა ნომინალური ეკონომიკური ზრდის თანაზომიერი იქნება. შესაბამისად, ამ პერიოდში კონტრციკლური მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ამოქმედების საჭიროება არ იკვეთება.

Comments
Loading...