ერთად ვიბრძოლოთ თანაბარი უფლებებისთვის – ერთად ვიზეიმოთ 3 დეკემბერი!

10

3 დეკემბერს, კენ ვოლკერის სახელობის სარეაბილიტაციო კლინიკაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართა.

ამ დღეს ყველა დაინტერესებულ ადამიანს  შესაძლებლობა ჰქონდა  გაცნობოდა კლინიკის გარემოს და უფასოდ ჩაეტარებინა სარეაბილიტაციო თერაპიები, როგორიცაა აკვა თერაპია, არტ თერაპია, რობოტოთერაპია და სპეციალისტების დახმარებით საკუთარ თავზე გამოსცადოს ეგზო-ჩონჩხი რობოტი.გარდა ამისა, მსურველები გაეცნენ ადაპტირებული ავეჯის სახეობებს/ტიპებს და მოსინჯეს მაღალტექნოლოგიური თანამედროვე ადაპტაციური საშუალებები. ღია კარის დღე განკუთვნილი იყო როგორც დიდებისთვის, ასევე  პატარებისთვისაც.

ერთად ვიბრძოლოთ თანაბარი უფლებებისთვის – ერთად ვიზეიმოთ ეს დღე!

ჩვენი კლინიკის საქმიანობის ძირითადი მიზანია უმაღლესი ხარისხის სარეაბილიტაციო მომსახურების მიწოდება ყველასთვის, ვისაც ეს რეაბილიტაცია სჭირდება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში კენ ვოლკერის სახელობის სარეაბილიტაციო კლინიკის დირექტორმა ირაკლი ნატროშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეისათვის არსებულმა კოვიდ ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ გარკვეული გავლენა იქონია კლინიკის მუშაობაზე, თუმცა კლინიკა აღჭურვილია ამერიკული, თანამედროვე აპარატურით, სადაც მუშაობენ უმაღლესი კლასის სპეციალისტები და ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ  კლინიკამ წარმატებით გაართვას თავი მასზე დაკისრებულ ამოცანებს.

„რეაბილიტაცია ეს არის კომპლექსური დარგი და იგი სპეციალურ მიდგომას საჭიროებს, რაც გამოიხატება გუნდურ მუშაობაში. შესაბამისად ეს ყველაფერი გვაძლევს იმ შედეგს, რაც ესაჭიროება პაციენტს გამოსაჯანმრთელებლად“, – აღნიშნა ირაკლი ნატროშვილმა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კენ ვოლკერის სახელობის სარეაბილიტაციო კლინიკის დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ მუდმივად ხორციელდება უახლესი სერვისების გაუმჯობესება და დანერგვა.

„ჩვენ გვაქვს ულტრათანამედროვე სარეაბილიტაციო და ადაპტაციური საშუალებები, კომპიუტერული, დამხმარე ტექნოლოგიები და ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ადამიანების ცხოვრების ხარისხი მაქსიმალურად გაუმჯობესდეს“, – განმარტა კლინიკის დირექტორმა.

როგორც კლინიკის წარმომადგენლებმა განაცხადეს კენ ვოლკერის ძალისხმევით დაიწყო საქართველოს ჯანდაცვის სფეროში განათლების მენეჯმენტის შემუშავება საშუალო დონის საავადმყოფოს ადმინისტრატორებისათვის: შეიქმნა თანამედროვე სასწრაფო დახმარების ოთახი; გადამზადდნენ პრაქტიკოსი ექთნები და ფუნქციონირება დაიწყო საექთნო სკოლამ (რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ექთნების დიპლომისშემდგომ განათლებასა და სერტიფიცირებას). მოგვიანებით, 2018 წელს კი დაარსდა კენ ვოლკერის ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი; ქართველ მეცნიერებსა და ექიმებთან ერთად დაიწყო მუშაობა ქვეყანაში შიდსსა და ტუბერკულოზთან დაკავშირებულ საკითხებზე. კენ ვოლკერი იყო საქართველოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების როგორც სპეციალობის, ისე საექთნო პროფესიის გაუმჯობესების ინიციატორი და მთავარი გულშემატკივარი.

2005 წელს პროფესორ ვოლკერს გადაეცა თბილისისა და საქართველოს საპატიო მოქალაქის სტატუსი. 2016 წელს ჯორჯიის საავადმყოფოების ასოციაციამ მას უმაღლესი ჯილდო გადასცა სიცოცხლის განმავლობაში მიღწეული გმირობისათვის.

ცხოვრების მანძილზე დოქტორი ვოლკერი საკუთარ კარიერას უძღვნიდა მედიცინის სტუდენტების განათლებასა და მომზადებას. იგი ორიენტირებული იყო Emory-ს უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის რეზიდენტურის პროგრამებზე, კლინიკურ სწავლებაზე, ე.წ. კლერკშიპებსა და უახლესი კლინიკური მეთოდების კურსებზე. პირადად მან აღზარდა და გაწვრთნა ყველაზე მეტი შინაგანი მედიცინის რეზიდენტი, ვიდრე Emory-ს რომელიმე სხვა პროფესორმა. ძლიერი მენტორული უნარ-ჩვევების საშუალებით ბევრმა სამედიცინო რეზიდენტმა, სტუდენტმა და კოლეგამ შეიძინა ღირებული ცოდნა ერთგულების, პროფესიონალიზმისა და პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო დახმარების შესახებ.

ცნობისათვის, კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო სარეაბილიტაციო კლინიკა ფუნქციონირებს 2020 წლიდან. კლინიკის შენობა და ინფრასტრუქტურა საგანგებოდ დაპროექტდა სარეაბილიტაციო სერვისის საჭიროებისათვის და დღესდღეობით წარმოადგენს წამყვან თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ სარეაბილიტაციო ცენტრს მთელ ამიერკავკასიაში.  მისი შიდა და გარე სივრცეების გეგმარება სრულად ითვალისწინებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტს. კლინიკის შენობა და ეზო კეთილმოწყობილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. თერაპიული ოთახები და დარბაზები აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკითა და ავეჯით. აქ ფუნქციონირებს ღია სპორტული მოედანი, საცურაო აუზი და დასარჩენი/სასტუმრო ოთახები პაციენტებისათვის. კენ ვოლკერის კლინიკის ხედვაა მაღალი ხარისხის მულტიპროფილური სარეაბილიტაციო მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ადამიანისათვის, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით. კლინიკის მისიაა, დახვეწოს რეაბილიტაციის მომსახურება ინოვაციური სერვისების დანერგვის, განათლების ხელშეწყობის, კვლევების განხორციელებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანის გზით.

ცნობილია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა, კერძოდ, ორგანიზაციის გენერალური ანსამბლეის 47/3 რეზოლუციით, 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.  მას შემდეგ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. რეზოლუციის მიზანი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში შშმ პირთა უფლებების დაცვა და  მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფაა, ასევე, ცნობიერების ამაღლება ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური  და კულტურული ცხოვრების ყველა ასპექტში. ამ დღის მიზანია, კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე ათწლეულების მუშაობის შემდეგ, 2006 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენცია, რომელმაც წინ წამოწია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კეთილდღეობის საკითხები. 2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების 2006 წლის კონვენციის (UN CRPD) რატიფიცირება მოახდინა, რომელიც ძალაში 2014 წლის 12 აპრილს შევიდა.

Comments
Loading...