ენგურჰესმა მუშაობა განაახლა

5

მუშაობა განაახლა ენგურის ჰიდროელექტროსადგურმა, რომელიც 2021 წლის 20 იანვრიდან იყო გაჩერებული სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის მიზნით.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ინფორმაციით, გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წყლის დანაკარგი 20-30%-ით შემცირდება და ჰესი დამატებით გამოიმუშავებს წელიწადში დაახლოებით 90 მილიონ კვტ.სთ ელექტროენერგიას.

„ენგურჰესი არის ჩვენი ძალიან დიდი სიმდიდრე, რომელიც გვაერთიანებს ქართველებსა და ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს. დღეიდან ენგურჰესი არის მწყობრში და აწვდის ელექტროენერგიას სრულიად საქართველოს“, – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გვირაბის რეაბილიტირებული მონაკვეთის ინსპექტირება ერთობლივად განახორციელეს ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა, რომელთა შეფასებით, შესრულებული სარემონტო სამუშაოები დადგენილ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. ჰესის სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ენერგონმა“ შეასრულა. პროცესში ჩართული იყვნენ გერმანელი სპეციალისტები.

პროექტის საერთო ღირებულება 45 მილიონი ევროა. ამ თანხიდან 7 მილიონი ევროკომისიის გრანტია, ხოლო 38 მილიონი – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი. უშუალოდ გვირაბის რეაბილიტაციისთვის 8 მილიონი ევრო იყო გამოყოფილი.

Comments
Loading...