“ენგურჰესზე” ახალი სადგურის მშენებლობის საჭიროება წლის ბოლომდე დადგინდება

38

“ენგურჰესის” დირექტორის ლევან მებონიას ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა შვეიცარიულ კომპანია Stucky–სთან ხელშეკრულებას ხელს უახლოეს მომავალში მოაწერს.

აღნიშნული ხელშეკრულება “ენგურჰესზე” ჰიდრომააკუმულირებელი სადგურის ასაშენებლად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებას ეხება.

“უნდა შევისწავლოთ, რა სარგებლობას მოიტანს, ან არ მოიტანს ამ სადგურის მშენებლობა. წინასწარ შესწავლას 4-5 თვე დასჭირდება და შემდეგ, თუ გავაგრძელებთ, საერთო ჯამში, 9-10 თვეში დასრულდება”, – განაცხადა მებონიამ.

მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, “ენგურჰესზე” ჰიდრომააკუმულირებელი სადგურის მშენებლობა დაახლოებით, ნახევარი მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება.

შეგახსენებთ, რომ როგორც გასული წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, აღნიშნული სადგურის მშენებლობის პროცესში Stucky–სთან ერთად, რუსული კომპანია “ინსტიტუტ ჰიდროპროექტი” მიიღებს მონაწილეობას. სწორედ ამ კომპანიებმა უნდა მოამზადონ სადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, რაც 3,5 მილიონი ლარი ჯდება.

სპეციალისტების ვარაუდით, ახალი გენერაციის ობიექტი ქვეყნის ენერგოსისტემას წელიწადში 700 მგვტ სიმძლავრეს შესძენს და ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულებას შეამცირებს. პროექტის დასაფინანსებლად თანხების მოძიებას ქართული მხარე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან აპირებს.

Comments
Loading...