ელოშვილი: სანამ ძალიან კარგი გენგეგმა არ გვექნება, ცვლილებებზე ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ

246
"დღესათვის, მერიის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს გენგეგმა და გენგეგმის გარეშე ჩვენ სიბნელეში ხელების ცეცებით დავდივართ. ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც იღებდნენ საბჭოები, დღეს არ ვიცით სწორია, თუ არ არის სწორი. ერთადერთი ვიცით ის, რომ  უამრავი ასეთი გადაწყვეტილებაა. ბოლო რამდენიმე წელიწადში  3 600 000 კვადრატულზეა გაცემული ნებართვები და სულ ცვლილებების ხარჯზე" – აცხადებს "აიპრესთან"ინტერვიუში თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი.
 
– ასეთი თანამდებობრივი პოზიცია მერიაში, რომელიც რაიონის გამგებლების ზედამხედველობას ითვალისწინებს, ჯერ არ ყოფილა. უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, რა ფუნქციები და უფლებამოსილებები გექნებათ?
 
– მე ვიქნები კურატორი-მოადგილე, რომლის საკურაციოც იქნება გამგეობები, არქიტექტურა, ეკონომიკური განვითარება და სოციალური და ჯანდაცვის საკითხები. თუმცა, აქედან მე აუცილებლად გამოვყოფდი გამგებლებს. თავისთავად, გამგებლების კურატორობა მოიცავს ყველა იმ მიმართულებას, რომელიც არსებობს მერიაში.
 
ყველაზე პრობლემა, რომელიც აწუხებს დღეს მოქალაქეს და რომელიც მერიის მოსაგვარებელია, მერიამდე  სწორად მოსატანი და შემდგომში სწორად დასაგეგმია მერიის მიერ, რათა სწორი რეაგირება მოხდეს მათზე. როცა ჩვენ პირველი შეხვედრა გვქონდა გამგებლებთან, გამოიკვეთა, რომ არის პრობლემები, რომლებიც სპეციფიკურია იმ კონკრეტული რაიონებისთვის, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, მაგრამ არის სისტემური პრობლემები ყველა გამგეობისთვის, რასაც სჭირდება სისტემური მიდგომა. არ შეიძლება ასეთი პრობლემა მოაგვარო ერთჯერადად, უნდა შეიმუშაო ისეთი გეგმა, რომ საბოლოო ჯამში ეს პრობლემა მოგვარდეს ერთხელ და სამუდამოდ და შემდგომში უნდა პრევენციურად იმუშაო იმისთვის, რომ იგივე პრობლემები კვლავ არ წარმოიშვას.
 
არის პრობლემები, რომლებიც არ გამომდინარეობს არც მერიის სამსახურებიდან და არც გამგეობებიდან და ჩვენ ვერ მოვაგვარებთ ამას.  ძალიან ბევრი გამოწვევა და პრობლემაა, თუკი არ იქნება ჩართულობა ჯანდაცვის, განათლების, ენერგეტიკის სამინისტროსი, ასეთი პრობლემების მოგვარება ჩვენ განყენებულად არ შეგვიძლია. ჩვენ გვაქვს გამოყოფილი ის საკითხები, რაზეც აუცილებლად გვექნება საუბარი ხელისუფლებასთან.
 
-ყველაზე დიდი პრობლემა რა არის გამგეობებისთვის?
 
-ინფრასტრუქტურული პრობლემებია მოსაგვარებელი პირველ რიგში.  ეს არის ძალიან სერიოზული მიმართულება, სადაც საჭიროა სწორად დაგეგმვა და  სწორი კომუნიკაცია გამგეობებსა და ცენტრალურ საქალაქო სამსახურებს შორის. საჭიროა მათი კოორდინირებული მოქმედება იმისთვის, რომ სამუშაოები იყოს სინქრონიზირებული.  ასევე მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით ე.წ. პროვაიდერი კომპანიები, როგორებიც არის ,,ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი,’’ ,,თელასი’’, ,,ენერგოპრო’’, მათთან ერთადაც უნდა დაიგეგმოს  გარკვეული სამუშაოები.
 
მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა სოციალური საკითხები ზოგადად. საუბარია უფასო სასადილოებზე, ასევე ქირასა და დახმარებებზე, რომლებსაც ჯანდაცვაში გამგეობა გასცემს.
 
ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სოციალური დახმარებები ესაა მოქალაქეების მიერ გაღებული თანხები უფრო ნაკლებად მოწყვლადი მოქალაქეობრივი ჯგუფების დასახმარებლად. ამიტომ აქ არის 2 ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი:  მოსახლეობის ის ჯგუფი, რომელიც სარგებლობს ამ დახმარებით, უნდა იყოს ძალიან კარგად გამოყოფილი და ძალიან სწორად შეფასებული და მეორე – თანხებით დახმარება თუ ნებისმიერი სხვა სახის გვერდში დგომა, მერიამ სწორად, მოზომილად, მიზანმიმართულად წარმართოს და არ მოხდეს გადახარჯვა თანხების, იმიტომ, რომ მერია არაა საქველმოქმედო ორგანიზაცია.
 
არანაკლებ პრობლემატურია არქიტექტურასთან დაკავშირებული პრობლემები. ქალაქს იერსახე აქვს დაკარგული…
 
არქიტექტურა ნამდვილად ძალიან პრობლემატური მიმართულებაა  უამრავი ხარვეზით
 
ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს გენგეგმა და გენგეგმის გარეშე ჩვენ სიბნელეში ხელების ცეცებით დავდივართ. ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც იღებდნენ საბჭოები, დღეს არ ვიცით სწორია, თუ არ არის სწორი. ერთადერთი ვიცით ის, რომ არის უამრავი ასეთი გადაწყვეტილება მიღებული. ბოლო რამდენიმე წელიწადში   3 600 000 კვადრატულზეა გაცემული ნებართვები და სულ ცვლილებების ხარჯზე.
 
  აი ეს გამოწვევა გვიდგას ჩვენ ახლა, რომ სანამ ძალიან კარგი გენგეგმა არ გვექნება, უნდა ვიმოქმედოთ ძალიან ფრთხილად ნებისმიერ ცვლილებასთან დაკავშირებით და უნდა ვიყოთ მობილიზებულები.
 
არის ბიუროკრატიის პრობლემა მერიაში ასევე, რასაც სჭირდება ოპტიმიზაცია და რეორგანიზაცია.
 
– თქვენ იმდენი პრობლემა ჩამოთვალეთ,  გამოდის, რომ არც ისე ეფექტური იყო მერიის მუშაობა წინა მმართველობის დროს? აქამდე მივდივართ?
 
– მე ვიტყოდი ასე: ჩვენი გუნდი არ მოსულა იმისთვის, რომ საჯარო შეფასებები გავაკეთოთ. ეს ჩვენი ამოცანა ნამდვილად არ არის.  რაც კეთდებოდა, გვინდა რომ გაკეთდეს უკეთესად. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმე არ კეთდებოდა, ან ინფრასტრუქტურა არ წესრიგდებოდა, არ ნიშნავს იმას, რომ სოციალური დახმარება არ გაიცემოდა. ყველაფერი ეს კეთდებოდა, უბრალოდ ჩვენ ახალი ხედვა გვაქვს  და უფრო უკეთ გვინდა გავაკეთოთ.
Comments
Loading...