“ელიტ ელექტრონიქსის” დამფუძნებელი ხელისუფლებას მამუკა ხაზარაძის ლობირებაში ადანაშაულებს

353

"ელიტ ელექტრონიქსის" დამფუძნებელი ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე ხელისუფლებას მამუკა ხაზარაძის ლობირებაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით ბიზნესმენმა 11 ივლისს თბილისი მერიოტში სახალხო დამცველთან და ადვოკატებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, უცვლელად გთავაზობთ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებას: 

ყველასთვის ცნობილია და  აღარ გავიმეორებ იმ ისტორიას,რომელიც ეხება სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან ჩვენს მიმართ ტერორს, "ელიტ ელექტრონიქსის" და სხვა უძრავ-მოძრავი ქონების მითვისებას, ჩემი და ჩემი უახლოესი ადამიანების დაპატიმრებას და ჩვენს მიმართ განხორციელებულ დევნას. გახსოვთ ალბათ  მიუხედავად ზეწოლისა  ჩვენ არცერთი წუთით არ შეგვიწყვეტია ბრძოლა სამართლიანობისათვის, ქართულ და საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში. მუდმივად გაწვდიდით ინფორმაციას, მოვლენების განვითარებაზე. ბევრი თქვენთაგანი თანამონაწილეა ამ ბრძოლის, რადგან აქტიურად აშუქებდით პრესკონფერენციებს და ყველა იმ უკანონო მოქმედებებს, რომელსაც ჩვენს მიმართ ქონდა ადგილი. მუდმივად გაწვდიდით ინფორმაციას,  როგორ ატერორებდა ბიზნესს  სააკაშვილის ხელისუფლება, რომელშიც   ჩართული ყავდა სახელმწიფო ხელისუფლების თითქმის ყველა შტო, ფინანსური პოლიცია, პროკურატურა, საგადასახადო სამსახური,  ქალაქის მერი, პარლამენტი სასამართლო და  სამწუხაროდ ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე თიბისი ბანკით..

სახეზეა, ველა მტკიცებულება, არსებობს მტკიცებულების სახით ერთ  ღამეში ჩანიშნული სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებები, რომლის საფუძველზე სააკაშვილის ხელისუფლებამ  ჯერ მართვაში უკანონოდ შემოიყვანა  მამუკა ხაზარაძის თიბისი ბანკი,  მომხსნეს დირექტორობიდან,  ჩემი მოხსნიდან 20 დღეში  მიზანმიმართულად თიბისი ბანკის მიერ დანიშნულ დირექტორს დავით კენჭაძეს  მიზანმიმართულად არ გადაახდევინეს  კრედიტი 500 000 ლარი, ხოლო შემდეგ კრედიტის დარღვევის მოტივით თიბისი ბანკმა გადაიფორმა ელიტ ელექტრონიქსი. კრედიტის გადახდის დარღვევა მოხდა, ერთად ერთხელ თიბისი ბანკის მართვაში შემოსვლის შემდეგ ისიც ჩემი მოხსნის შემდეგ    2010 წლის 15 მარტს თიბისი ბანკის მიერ დანიშნულ დირექტორის დავით კენჭაძის მიერ. ისიც  დაუჯერებელ ვითარებაში, მაშინ როცა კომპანიას „თიბისი ბანკის“ ანგარიშზე 8 მილიონი ლარი ქონდა ბრუნვა და უაქცეპტო წესით შეეძლო ჩამოეჭრა კრედიტის დასაფარი თანხა. ყველა მტკიცებულებით დასაბუთბულია რომ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ,  თაღლითურ  სქემასთან,  სწორედ ამ თაღლითურ სქემაში მონაწილეობდა მამუკა ხაზარაძის თიბისი ბანკი, სწორედ ამ 15 მარტის  თიბისი ბანკის მიერ დანიშნული,  ელიტ ელექტრონიქსის დირექტორის დავით კენჭაძის მიზანმიმართულად დარღვეული კრედიტით დაეუფლა ელიტ ელექტრონიქსის აქციებს თიბისი ბანკი, ხოლო შემდეგ ერთ ლარად გადაუფორმა კეზერაშვილის მიერ სწორედ ამ სქემისთვის   შექმნილ „ელიტ ეფლაიენსს".  ამის ანალიზი ნებისმიერ ადამიანს თავისუფლად შეუძლია და რაც არ უნდა თავი იმართლოს თიბისი ბანკმა დღეს ვეღარავის ვერ შეიყვანს შეცდომაში რომ თითქოს ცილს ვწამებ.

ამ ყველაფრის შემდეგ, როცა 2012 წელს  ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით ქართველმა ერმა დაასრულა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი და ახალი ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა, ისევე როგორც ყველას მეც გამიჩნდა მოლოდინი, რომ აღდგებოდა სამართლიანობა და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევოდა. ხუთი წლის წინ ვერც კი დავუშვებდი,  რომ სისხლიანი რეჟიმის ცვლილებიდან ხუთი წლის შემდეგაც არათუ სამართლიანობა არ აღდგებოდა, სასამართლო პროცესებიც კი არ ჩაინიშნებოდა. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ კვლავ მომიწევდა პრესკონფერენცია მომეწვია იმ ხელისუფლების პირობებში  რომელიც  სამართლიანობის  აღდგენის ლოზუნგით მოვიდადა ეს ხელისუფლება შევიდოდა  დანაშაულში მონაწილეებთან გარიგებაში, რისი საფუქვლიანი ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, როცა წინა ხელისუფლების დანაშაულებში თანამონაწილე მამუკა ხაზარაძე ამ ხელისუფლების ფავორიტი ბიზნესმენი გახდა. ის ჩვეული ალღოთი აქტიურად შეუდგა ხელისუფლებასთან დაახლოებას. ეს მისი ჩვეული სტილია,  დაახლოებული იყო კომუნისტურ ხელისუფლებასთან, შევარდნაძის ხელისუფლებასთან და სააკაშვილის რეჟიმთან. დეტალურად შემიძლია ვისაუბრო სააკაშვილის რეჟიმთან ერთად ჩადენილი დანაშაულების შესახებ, რადგანაც ამ სქემების თვითმხილველი და დაზარალებული ვარ.

ჩემი როგორც არასასურველი ბიზნესმენის მოცილების წარმატებული ოპერაციის შემდეგ 2010 წლის 27 დეკემბერს სააკაშვილმა ხაზარაძე დააჯილდოვა ბრწყინვალების ორდენით.  როგორც იცით ხაზარაძე თავისი თიბისი ბანკით აქტიურად იყო ჩართული სონი ცენტრის, მაგნატისა და ჯემალ ლეონიძის ტერორში, კონსტანტას, ივა ჩიღვინაძის და სხვა უამრავი გახმაურებული თუ გაუხმაურებელ  სქემებში.  ხელისუფლებისათვის მიუღებელი უამრავი ბიზნესმენი შემხვდა ციხეში, რომლეთა წინააღმდეგაც თბისი ბანკი იყო ჩართული, რის შემდეგაც სააკაშვილმა ხაზარაძე კიდევ ერთი – წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა. სხვათა შორის ხაზარაძე ერთადერთი ბიზნესმენია ვისაც სააკაშვილის ჯილდოები აქვს მიღებული.

ახლა კი როცა გვეგონა რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევოდა, ახალ ხელისუფლებაშიც ხელისუფლების ფავორიტი აღმოჩნდა. 

ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩემი და ელიტელექტრონიქსის საქმეების უსასრულოდ გაწელვის მიზეზი, როგორც პროკურატურაში ისე სასამართლოში გამოწვეულია ხელისუფლების გავლენიანი წრეების მხრიდან მამუკა ხაზარაძის ლობირებით.

მიუხედავად იმისა რომ ყველა გონივრული ვადა ამოიწურა, არათუ სამართლიანობა აღსდგა, არამედ ელემენტარულად დაზარალებულადაც კი არ ვარ ცნობილი. სასამართლოში კი კიდევ უარესი ხდება , ბრალზე რომელიც  2011 წელს სააკაშვილის რეჟიმმა უკანონოდ წამიყენა, დღემდე ვერ ხერხდება სასამართლო პროცესის ჩანიშვნა, რათა დავამტკიცო რომ ადეიშვილ, ხაზარაძე , კეზერაშვილის ბრალდებები იყო უკანონო, რომ ყველა ბრალდება ჩემს მიმართ უსაფუძვლოა და ეს ადეიშვილის პროკურატურამ ხაზარაძის და კეზერაშვილის დახმარებით შეითითხნა იმის გამო, რომ წაერთმიათ წარმატებული ბიზნესი, რომელიც 1996 წლიდან  100 ლარით დავიწყე და 2009 წლისთვის ტექნიკის ლიდერი იყო,  352 მილიონი ბრუნვითა და 2000 თანამშრომლით. 

რამდენჯერმე მივმართე ამ საკითხზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო გვენეტაძეს, იუსტიციის საბჭოს, ქ. თბილისის სასამართლოს თავმჯდომარეს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ  ბრალის წარდგენიდან უკვე 6 წელი გავიდა და კანონით განსაზღვრულია  24 თვე, სასამართლო პროცესები კი ჯერაც არ ჩანიშნულა.

მივმართავ ხელისუფლებას, ნუ გახდებით სააკაშვილ,ადეიშვილ,კეზერაშვილ-ხაზარაძის დანაშაულებრივი სქემის მონაწილე.

მოგიწოდებთ:

  1. მოხდეს სასამართლო პროცესების დროული ჩანიშვნა;
  2. დაჩქარდეს ჩემი დაზარალებულად ცნობა;
  3. დაჩქარდეს ელიტ-ელექტრონიქსის მითვისებასთან დაკავშირებული დანაშაულებრივი სქემების გამოძიება.

მერწმუნეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების გვერდით, თუ თითოეულ მოქალაქეს არ ექნება იმის რწმენა, რომ სამართლიანობა დამკვიდრდება და მათი საკუთრების ხელყოფას ვერავინ შეძლებს, დამერწმუნეთ, წყალში გადაყრილი იქნება ყველა ის რესურსი, რომელმაც ჩვენს ქვეყანას წარმატება უნდა მოუტანოს.

ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას ქართულ და საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლების გარკვეული წრეები ლობირებენ მამუკა ხაზარაძეს და შესაბამისად ელიტ ელექტრონიქსთან დაკავშირებული პროცესები შეიძლება წარიმართოს ტენდენციურად ან საერთოდ დარჩეს რეაგირების გარეშე. ჩვენს საქმეზე განვითარებული მოვლენების შესახებ ყველა ინფორმაციას გავასაჯროებთ, ყველა მოვლენის შესახებ პარალერულად მივაწვდით ინფორმაციას ჟურნალისტებს და მოხდება საზოგადოების ინფორმირება.

Comments
Loading...