ევროპის საინვესტიციო ბანკი ახორციელებს 100 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციას საქართველოში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად

9

 

  • ევროკავშირის გარანტიით უზრუნველყოფილი, ევროპის საინვესტიციო ბანკის 100 მილიონი ევროს მოცულობის სესხი საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, განახორციელოს შვიდი მთავარი საავადმყოფოს, მათ შორის COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მიმღებ საავადმყოფოებად გადაკეთებული საავადმყოფოების, მოდერნიზება.
  • სესხი ასევე ითვალისწინებს COVID-19-თან დაკავშირებული აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვას.
  • აღნიშნული ინვესტიცია წარმოადგენს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ COVID-19-ზე რეაგირებისა და პანდემიის პერიოდში „ევროპის გუნდის“ მიერ ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებისათვის 6.7 მილიარდი ევროს მოცულობის უზრუნველყოფილი დახმარების პაკეტის ნაწილს.

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რომელიც ევროკავშირის ბანკს წარმოადგენს, განახორციელებს 100 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციას COVID-19-ის პანდემიის დროს საქართველოს ძირითადი სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისა და გაუმჯობესების, ახალი სამედიცინო პერსონალის სწავლებისა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის აუცილებელი  სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვების დაფინანსების უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირის გარანტიით უზრუნველყოფილი, ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი საქართველოს მთავრობას მისცემს შესაძლებლობას განახორციელოს საქართველოს შვიდი მთავარი საავადმყოფოს:  ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს, ლისის საავადმყოფოს, რუხის საავადმყოფოს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკისა და ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მოდერნიზება. ამ საავადმყოფოების რიცხვში შედის ის საავადმყოფოებიც, რომლებიც COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მიმღებ საავადმყოფოებად გადაკეთდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შეჩერებაში.

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსებით ასევე მოხდება თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობისა და ვაქცინების შეძენა, აგრეთვე COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის სრულყოფილი დიაგნოსტიკური და სამკურნალო მომსახურების მიწოდების ეფექტიანი ჯაჭვის შექმნა.

Comments
Loading...