ევროპის საინვესტიციო ბანკმა, საქართველოს, სესხის სახით 100 მილიონი ევრო 25 წლის ვადით გამოუყო

502

საქართველოს პარლამენტის დადგენილებების პროექტების განხილვით დაიწყო დღევანდელი პლენარული სხდომა, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

"საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების" თანახმად, საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენის პროექტის დაფინანსების მიზნით, ევროპის საინვესტიციო ბანკმა, საქართველოს, სესხის სახით 100 მლნ. ევრო 25 წლის ვადით გამოუყო. მათ შორის 5 წელი შეღავათიანი პერიოდი იქნება.

მომხსენებლის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, აღნიშნული რესურსი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გზების, ქუჩების, წყალსადენების და კანალიზაციის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად იქნება მიმართული. პროექტს, მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

"საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია)" მიხედვით, ევროპის საინვესტიციო ბანკი, საქართველოს სესხის სახით 250 მლნ. ევროს გამოუყოფს. სესხის ხანგრძლივობა 30 წელია, მათ შორის 7 წელი შეღავათიანია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი EURIBOR-ზე ან LIBOR-ზეა დამოკიდებული.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, აღნიშნული რესურსით გათვალისწინებულია შემდეგი საავტომობილო გზების დაფინანსება: უბისა-შორაპანი, გრიგოლეთი-ფოთი, გრიგოლეთი-ჩოლოქი, რუსთავი-სადახლო, თბილისი-საგარეჯო, საჩხერე-რაჭა, საირმე-აბასთუმანი. პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

Comments
Loading...