„ევროპა დონა საქართველოსა“ და H.O.P.E -ს  ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე: „ონკოლოგიური დაავადებების სრულფასოვანი მკურნალობა და უწყვეტი ზრუნვა“

8

პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ და კავკასიის  ონკოსაზოგადოება   H.O.P.E -ს ორგანიზებით,  მრგვალი მაგიდა  გაიმართა თემაზე: „ონკოლოგიური დაავადებების სრულფასოვანი მკურნალობა და უწყვეტი ზრუნვა“.

შეხვედრა სამუშაო ფორმატში ჩატარდა რომელშიც ექიმები, პაციენტები, მედია და სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროს, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის და თბილისის საკრებულოს  წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების მიზანს, კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასება (2016-2022 წლებში განხორციელებული აქტივობებისა და შედეგების  წარდგენა), გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება,  ამასთან,  არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და სამოქმედო გეგმის დასახვა წარმოადგენდა.

 „სამედიცინო სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას ონკოლოგიური პაციენტების მართვაში. ჯანდაცვის სფეროში, არათანაბარი ხელმისაწვდომობა ნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებულ ონკოლოგიურ სერვისებზე არის არათანაბარი წვდობა დიაგნოზის, გეოგრაფიული მდებარეობის, სოციალური სტატუსის ან ფინანსური მდგომარეობის მიხედვით, რაც არის  პაციენტის დისკრიმინაცია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ თანაბარი ხელმისაწვდომობა არ მოიცავს ყოველი პაციენტისათვის იდენტური რესურსის მიწოდებას (ერთი ზომის ფეხსაცმელი ყველას არ ერგება). ყოველი შემთხვევა საჭიროებს პერსონალიზირებულ მიდგომას. თანაბარი ხელმისაწვდომობისას მნიშვნელოვანია თითოეულ პაციენტს მივაწოდოთ ის რესურსი, რაც მას სჭირდება, განსაკუთრებით იმ დროს, როცა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მოსახლეობისთვის მაღალხარისხიან და ეფექტიან ჯანმრთელობის სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვაც 2030 წლისთვის მოიაზრებს ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის ეფექტიანობის ამაღლებას, უნივერსალური ჯანდაცვის პრინციპების გათვალისწინებით“- განმარტავს „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი, ანა მაზანიშვილი.

მრგვალი მაგიდა, კიბოს მსოფლიო დღეს, 4 თებერვალს დაწყებული საერთაშორისო კამპანიის „close the care gap” გაგრძელებაა. კიბოს მართვაში ხარვეზებზე რეაგირებისა და აღმოფხვრისკენ მიმართულ მსოფლიოს გზავნილს საქართველოც გამოეხმაურა და ონკოლოგიის თითქმის ყველა მიმართულების ექსპერტის მონაწილეობით, ამ დღეს  პირველად გაიმართა მულტიპროფილური პანელური შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა  ქვეყანაში თანაბარი და სრულყოფილი მკურნალობის შექმნის მნიშვნელობა. გზავნილი „სრულფასოვანი  მკურნალობა, უწყვეტი ზრუნვა“ კიბოს მართვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისკენ არის მიმართული, რაც ითვალისწინებს ონკოლოგიური პაციენტების სიცოცხლის გადარჩენისათვის აუცილებელ სამკურნალო და სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შექმნას თითოეული მოქალაქისთვის, განურჩევლად დიაგნოზის, გეოგრაფიული მდებარეობის, სოციალური სტატუსის, მატერიალური მდგომარეობისა თუ წარმომავლობისა.

შეხვედრის ბოლოს გამართული დისკუსია კიბოს მართვის მიმართულებით, დღეს არსებული ხარვეზების აღმოფხვრისკენ იყო მიმართული. განსახილველი საკითხებიდან მნიშვნელოვანი შემდეგი პუნქტები აღმოჩნდა: ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი და სრულფასოვანი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა თბილისსა თუ რეგიონში მცხოვრები ყველა პაციენტისთვის, კერძო სექტორის როლის განსაზღვრა და სახელმწიფოს ჩართულობის გაზრდა მკურნალობის დაფინანსების პროცესში. მტავარ გამოწვევად კი რჩება დიაგნოზთან ბმული დაფინანსების უზრუნველყოფა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ცვლილებების აუცილებლობას შეხვედრაზეც ხაზი გაესვა და მიანიშნეს, რომ სახელმწიფომ თანხები უფრო მიზნობრივად უნდა განკარგოს და დაზოგილი ფინანსები იმ ადამიანებს მოახმაროს, რომელთა მკურნალობაც დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ასეთი მოქალაქე კი ქვეყანას ათიათასობით ჰყავს. ესენი არიან პაციენტები, რომლებსაც სიცოცხლის გადასარჩენად ან გასახანგრძლივებლად და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად ათობით და ასობით ათასი ლარი ესაჭიროებათ.

მართალია,  სახელმწიფოს გაცხადებული აქვს ხედვა  ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების თაობაზე. ჯანდაცვის სამინისტროს  მიერ გამოქვეყნებულ სტრატეგიაშიც ხაზგასმულია   ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის და თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა, თუმცა ამ ეტპისთვის ჯრჯერობით მკურნალობა ხელმისაწვდომი ყველასთვის არ არის, მითუმეტეს სრულფასოვანი. ამ ფონზე, შეხვედრის მიზანს სწორედ  სახელმწიფოსთან და დაინტერესებულ მხარეებთან  ერთად  პრობლემების გადაჭრის გზების ძიება წარმოადგენდა.   დასასრულს, შეხვედრაში მონაწილეე მხარეებმა შექმნეს რეკომენდაციების ნუსხა, რაც სახელმწიფოს დაეხმარება, თუ  როგორ მოახდინოს დასახული სტრატეგიის აღსრულება. ფაქტია, სახელმწიფო ვერ შეძლებს ყველაფრის მოცვას, ამიტომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციად რჩება მოხდეს საყოველთაოს  შევსება კერძო დაზღვევით. ამასთან, აუცილებელია რომ კერძო დაზღვევაში გაიზარდოს ონკოლოგიური მედიკამენტების ლიმიტი და მის ბაზისურ პაკეტში საყოველთაო ჯანდაცვის ონკოლოგიური პაკეტის იდენტური შეთავაზების არსებობა და შ.

ონკოლოგიური დაავადებები თანამედროვე მედიცინის ერთერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. ავთვისებიანი სიმსივნეები სიკვდილობის მაჩვენებლებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. სამწუხაროდ ონკოლოგიის სფეროში კვლავ აღინიშნება დაავადებების სიხშირის ზრდის ტენდეცია. ბოლო მონაცემებით, ყოველწლიურად ვლინდება ონკოლოგიური დაავადების 9 მილიონი ახალი შემთხვევა, ხოლო მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებით აღრიცხვაზე მყოფ ადამიანთა რიცხვი მთლიანად შეადგენს 60 მილიონს.  მათ შორის, საქართველოში ყოველწლიურად ყველა ლოკალიზაციის კიბოს შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 9500-11000 ფარგლებში. ინციდენტობის მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე 258-ს. ახალი შემთხვევების 70% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფში 30-70 წლამდე.

ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია. ონკოლოგიაში სადღეისო  მიღწევები  იძლევა ეფექტური მკურნალობის საშუალებას. უფრო მეტიც, ადრეულ ეტაპზე დაწყებული დროული და სწორი მკურნალობა, ზოგიერთი კიბოს დროს, განკურნების შანსს წარმოადგენს.

ექსპერტების პროგნოზის მიხედვით 2030 წლისთვის კიბოთი სიკვდილობის ზრდა მოსალოდნელია 13 მილიონ შემთხვევამდე თუ ჩვენ არ მივიღებთ შესაბამის ზომებს ახლავე. მსოფლიო მონაცემებით კიბოს სისკვდილიანობის 65% მოდის ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. ამდენად ეს პრობლემა ძალზედ აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის.  კიბოს 1/3-ზე მეტი შემთხვევის პრევენცია შესაძლებელია. შემდეგი 1/3 შემთხვევებისა შესაძლებელია განკურნებულ იყოს სწორი მკურნალობის შედეგად თუ მისი აღმოჩენა მოხერხდება ადრეულ სტადიაზე. სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობით, სწორი პრევენციული სტრატეგიების იმპლემენტაციით, ადრეული აღმოჩენით, სწორი დიაგნოსტიკური კვლევებითა და სწორი სამკურნალო მიდგომების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ მილიონობით სიცოცხლე ყოველწლიურად.

Comments
Loading...