ევროპარლამენტში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დებატები გაიმართება

12

ევროპარლამენტის პლენარული სესიის ფარგლებში, დღეს ევროპარლამენტარები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დებატებს გამართავენ.

დღის წესრიგში საკითხი ევროპელი დეპუტატების ინიციატივით დადგა. საქართველოს შესახებ მომხსენებელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი იქნება. ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დასასწრებად იმყოფება საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია.

დებატების გამართვამდე საქართველოს დელეგაციის წევრებმა ევროპელ კოლეგებთან შეხვედრები გამართეს. დეპუტატების ინფორმაციით, აუდიენციის დროს, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზების გარდა, ისაუბრეს ევროკავშირთან ურთიერთობის უფრო ფართო სპექტრზე.

დეპუტატ გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის დეპუტატები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საარჩევნო სისტემის რეფორმით. მმართველი პარტიის წარმომადგენლის თქმით, ევროპარლამენტარებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ახლოს დგას ევროპარლამენტის ხედვებთან.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, გიორგი ხელაშვილის განმარტებით, ევროპელი კანონმდებლები ხაზგასმით უჭერენ მხარს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს და პროცესების პარლამენტში გადატანას.

Comments
Loading...