ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა

8

ევროკავშირის ელჩებმა სანქციების მორიგი, მეოთხე პაკეტი დაამტკიცეს ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ, – ამის შესახებ რიკარდ იოზვიაკი თავის Twitter-ზე წერს.

„ევროკავშირის ელჩებმა სულ ახლახან დაამტკიცეს სავიზო აკრძალვა და აქტივების გაყინვა იმ 78 პირისა და 7 ორგანიზაციის მიმართ, რომლებსაც ბელარუსში მიმდინარე რეპრესიებსა და 23 მაისს „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დაჯდომისთვის ეკისრებათ პასუხისმგებლობა“, – ნათქვამია რიკარდ იოზვიაკის მიერ ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში.

ევროპარლამენტმა ბელარუსთან დაკავშირებით 10 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს სანქციების მორიგი პაკეტის შემოღებისკენ მოუწოდებს.

ეკონომიკური სანქციების სამიზნე უნდა იყოს ბელარუსის სახელმწიფო კომპანიები ნავთობის, კალიუმის, ლითონის, ხე-ტყის მრწეველობაში, – ამბობენ ევროპის პარლამენტის წევრები არასავალდებულო ძალის მქონე რეზოლუციაში 10 ივნისს. ამასთან, უნდა შეჩერდეს ბელარუსის სახელმწიფო ბანკებთან თანამშრომლობა და მათი დაფინანსება, და შესაძლებელია განხილულ იქნეს ბელარუსის გამოთიშვა SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო სისტემიდან, – აცხადებენ ევროპის პარლამენტის დეპუტატები.

ევროკავშირმა ბელარუსს დაუწესა სანქციების სამი რაუნდი, რომლებიც მოიცავდა ქონების გაყინვას და სავიზო აკრძალვებს 88 პირისთვის და შვიდი უწყებისთვის – მათ შორის, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთვის, რომლის განცხადებამ, რომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებში, ბიძგი მისცა მასობრივ საპროტესტო აქციებს.

Comments
Loading...