ევროკავშირი, FAO და დევნილთა სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროექტს ახორციელებს

472

68 წლის თამაზ ბერუაშვილმა და 62 წლის ნანული ბერუაშვილმა ცხოვრება უკვე სამჯერ დაიწყეს ნულიდან. პირველად ცხინვალში, როცა ოჯახი შექმნეს, მეორედ 1992 წელს, როცა ომის დროს ცხინვალი მიატოვეს და სოფელ ერედვში გადასახლდნენ. მესამედ კი – 2008 წელს,  რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როცა კიდევ ერთხელ დატოვეს სახლ-კარი და ცეცხლმოკიდებული სოფლიდან გამოიქცნენ.

ბერუაშვილები ამჟამად დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში ბინადრობენ და ყოველდღიურად იბრძვიან საარსებო და ყოფითი საშუალებების  მოსაპოვებლად, ისევე, როგორც ამას საქართველოში 263,598 დევნილი ცდილობს.

2008 წლიდან გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირის (EU) დაფინანსებითა და მხარდაჭერით, დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური დახმარების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც დევნილთა სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების თანადაფინანსება მიმდინარეობს. 3500-ზე მეტ დევნილს უკვე გაეწია დახმარება, რომელმაც საერთო ჯამში 5 მილიონ ევროს გადააჭარბა. 

ამჟამად,  პროექტის საბოლოო ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც მოწყვლადი კატეგორიის დევნილების დახმარებას ისახავს მიზნად. სამიზნე კატეგორიაში ერთიანდებიან: მარტოხელა მშობლები მცირეწლოვანი შვილებით, ოჯახები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე წევრით, 25 წლამდე ახალგაზრდის ან ხანდაზმული ადამიანის მიერ მართული ოჯახები.

პროექტს  დევნილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს. თითოეული ოჯახისთვის 2 500 ლარამდე თანადაფინანსება გაიცემა, რაც სასოფლო-სამეურნეო წარმოებასა და სასურსათო უზრუნველყოფის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს. გრანტზე განაცხადების მიღება კიდევ 4 თვეს გაგრძელდება. 

ამ დროისთვის, გრანტზე განაცხადი 555-მა მოწყვლადი კატეგორიის დევნილმა ოჯახმა შეიტანა, რომელთაგან 200-მდე ოჯახს უკვე გაეწია დახმარება. მათ გრანტის თანადაფინანსებით  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინეს, მოაწყვეს ბაღები და ვენახები, წამოიწყეს თაფლის, რძის წარმოება და სხვა.

თამაზ და ნანული ბერუაშვილები კარალეთის დევნილთა დასახლებაში შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობენ. მათ საქართველოს მთავრობისგან საცხოვრებელი სახლი და მიწის ორი ნაკვეთი მიიღეს, თუმცა, მათ საარსებო გარემოს კიდევ ერთი ფაქტორი ამძიმებს, მათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი ჰყავთ. ამის გამო ოჯახი პროექტის სამიზნე ჯგუფში მოხვდა. ბერუაშვილებმა გრანტზე განაცხადი 2016 წლის შემოდგომაზე შეიტანეს და მცირე ზომის კულტივატორის თანადაფინანსება მოითხოვეს. დღეს ტრაქტორი უკვე ბერუაშვილების ეზოში დგას. ოჯახი მასზე დიდ იმედებს ამყარებს.
 
"ერედვში რომ ვცხოვრობდით, სოფლის მეურნეობას მივდევდით, აქაც, კარალეთში, მიწის დამუშავებით ვირჩენთ თავს. თუმცა აქამდე ტრაქტორი არ გვქონდა და ვწვალობდით, მეზობლებს ვთხოვდით ხოლმე დახმარება. ახლა, ერთი სული მაქვს  როდის შეშრება ნიადაგი,  ამ ახალი ტრაქტორით გავალ და მე თვითონ დავამუშავებ მიწას. კარგი ამბავია, დიდი დახმარებაა!" – ამბობს თამაზ ბერუაშვილი.
 
ბერუაშვილების მეზობელმა, ირმა ღერკენაშვილმა თანადაფინანსება ეზოში ყურძნის ხეივნის გასაშენებლად მიიღო. 47 წლის ირმაც ცხინვალის რეგიონიდან იძულებით დევნილი პირია და შეზღუდული შესაძლებლობის პირველი კატეგორია აქვს მინიჭებული. გრანტით შეძენილი ხეივნის მასალები უკვე მის ეზოშია და მალე ოჯახთან ერთად მშენებლობას შეუდგება.
 
"დიდი გეგმები გვაქვს ამ ხეივანთან დაკავშირებით. ვაპირებთ რომ ღვინო დავაყენოთ, ბადაგი დავწუროთ, ჩურჩხელებიც გვექნება და, რაც მთავარია, შემოდგომაზე ყურძენს მივირთმევთ", – ამბობს ირმა ღერკენაშვილი. გრანტზე განაცხადების მიღება კიდევ 4 თვეს გაგრძელდება. 
Comments
Loading...