ევროკავშირი: ჩინეთმა და რუსეთმა გააძლიერეს ვაქცინაციასთან დაკავშირებული სადეზინფორმაციო კამპანია

5

ევროპის კავშირის თანახმად, ჩინეთმა და რუსეთმა გააძლიერეს „სახელმწიფოს ხელშეწყობით წარმოებული დეზინფორმაციის“ კამპანია, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო დასავლური ვაქცინებისთვის ჩრდილის მიყენებას და საკუთარის წინ წამოწევას ისახავს მიზნად.

„ე.წ. ‘ვაქცინების დიპლომატია’ მისდევს ნულოვანი ჯამის თამაშის ლოგიკას“, რომლის მიზანია, „ძირი გამოუთხაროს დასავლური წარმოების ვაქცინებს, ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ვაქცინაციის დასავლურ/ევროპულ სტრატეგიებს,“ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო მოქმედების სამსახურის სტრატეგიული კომუნიკაციების შტოს მიერ 28 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, რუსეთის მედია, ხელისუფლება და სახელმწიფო კომპანიები ერთად ეწევიან რუსული წარმოების ვაქცინა Sputnik V-ის პროპაგანდას. ამასთან ისინი „ანტაგონისტურ მესიჯებს“ იყენებენ ევროკავშირის დასადანაშაულებლად, რომ ის რუსული ვაქცინის „საბოტაჟს ეწევა“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ კამპანიის ნაწილია ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიმართ უნდობლობის დათესვა. დოკუმენტის მიხედით, სახელმწიფო მედია ცდილობს, „დაბნეულობა დათესოს“ რუსული ვაქცინა Sputnik V-ის მარკეტინგისთვის განკუთვნილ განაცხადთან დაკავშირებით. რუსეთი ცდილობს საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს ევროპული სააგენტო განზრახ აჭიანურებდა რუსული ვაქცინისთვის მწვანე შუქის ანთებას, ვკითხულობთ ანგარიშში.

Comments
Loading...