ევროკავშირი უკრაინის საზღვრებთან რუსეთის გააქტიურების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

6

რუსეთის მიერ უკრაინაში სიტუაციის დაძაბვის მცდლობებსა და უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების გადაადგილებაზე ტელეფონით ისაუბრეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

ბორელის თანახმად, უკიდურესად შეშფოთებულია უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალის გადაადგილების გამო. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ტვიტერზე წერს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და შექმნილ ვითარებას უკრაინასთან ერთად განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების უახლოეს სხდომაზე.

ბოლო დღეებში უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლების, „დასავლეთი 2021“ საბაბით ახდენს უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ძალების მობილიზაციას და მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებს.

Comments
Loading...