ევროკავშირი ბელარუსელ ლტოლვილთა დასახმარებლად 700 ათას ევროს გამოყოფს

5

ევროკავშირმა პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე მყოფი ლტოლვილების გადაუდებელი დახმარებისთვის 700 ათასი ევრო გამოყო.

ევროკომისარმა, იანეზ ლენარჩიჩმა ორივე მხარის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიგრანტების დახმარებისკენ მოუწოდა.

პოლონეთის ხელისუფლება ბელარუსთან საზღვარზე ახალი ღობის მშენებლობის დაწყებას 15 დეკემბერს გეგმავს. საზღვრის საერთო სიგრძე 418 კმ-ია. ახალი ღობე კი 180 კმ-ზე იქნება გადაჭიმული.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ბელარუსი სახელმწიფო ტერორიზმში დაადანაშაულა, როდესაც მიგრანტების ახალი ჯგუფები პოლონეთის საერთო საზღვრის დარღვევას ცდილობდნენ.

მიგრანტების ორმა დიდმა ჯგუფმა ღობეები გაარღვია და ბელარუსიდან პოლონეთში შეიჭრა.

მიგრანტებთან დაძაბული სიტუაციის გამო პოლონეთმა საზღვრის გასწვრივ ჯარები საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა.

მანამდე პოლონეთის სეიმმა მიგრაციული კრიზისის ფონზე ბელარუსის სასაზღვრო რაიონებში საგანგებო მდგომარეობა 60 დღით გაახანგრძლივა. პოლონეთი ბელარუსს მის საზღვრებთან მიგრანტების ნაკადის განზრახ მოზღვავებაში ადანაშაულებს და ამის მიზეზად დესტაბილიზაციის მცდელობებს ასახელებს.

პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება დაამტკიცა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს. პოლონეთმა ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართების აგება საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესაჩერებლად აგვისტოში დაიწყო.

Comments
Loading...