ევროკავშირის ქვეყნებისთვის, Android-ის პლატფორმაზე Google Play ფასიანი გახდება

41

ინტერნეტ-გიგანტი Google, მობილური ოპერაციული სისტემა Android-ის პლატფორმაზე Google Play-ს ლიცენზირებულ მოდელზე გადავა. ამის შესახებ Reuters წერს.

ამგვარი სახით უპასუხა კომპანიამ ევროკომისიის რეკორდულ ჯარიმას, რომელიც 4,34 მილიარდ ევროს, ანუ 5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, და რომელიც ივლისში კომპანიას, საძიებო სისტემების ბაზარზე დომინანტი პოზიციის გამყარების გამო დაუწესეს.

ლიცენზირებული ვერსიისთვის გადასახადი ამოქმედდება ყველა მოწყობილობისთვის, რომელიც 29 ოქტომბრის შემდეგ ევროპის ეკონომიკურ ზონაში იქნა გაშვებული (ევროკავშირის 28 ქვეყანა, პლუს ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია). მოწყობილობების მწარმოებლები (Samsung, Huawei და სხვა) გათავისუფლებული იქნებიან Google-ის საძიებო სისტემისა და Chrome-ის მოწყობილობებში დაყენების ვალდებულებისგან, თუმცა ამის სანაცვლოდ Google Play-ზე წვდომისათვის საფასურს გადაიხდიან. აღნიშნული გადასახადის მოცულობა ცნობილი არაა, თუმცა Chrome-ისა და საძიებო სისტემის დაყენება უფასოდაც იქნება შესაძლებელი.

თეორიულად, მწარმოებლებს ხელს არაფერი უშლით, რომ მოწყობილობებისთვის თავიანთი პროგრამული უზრუნველყოფა შექმნან – მაგალითად ისეთივე ბრაუზერი, როგორიც არის Opera, საძიებო სისტემა Bing, რომელიც Microsoft-ს ეკუთვნის, თუმცა მობილურების წარმოებელი ინდუსტრია აცნობიერებს, რომ ევროპელ მომხმარებლებს არ აინტერესებთ მოწყობილობები Google-ის გარეშე. თუმცა, ზოგიერთი მომხმარებელი, პირადი ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებული სკანდალების შემდეგ ეძებს ალტერნატივას.

Google-ის პარტნიორებს ახლა ევროპაში შეუძლიათ ისეთი მოწყობილობების გაყიდვა, რომლებიც Android-ის ბაზაზე იქნება შექმნილი, მათ შორის ამაზონის Fire OS-სთან ერთადაც. თუმცა, აღსანიშნია, რომ მსგავს მოწყობილობებს Google Play-ზე წვდომა არ ექნებათ.

Comments
Loading...