ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “თვინინგის” პროექტი სემეკთან სრულდება

254

28 სექტემბერს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, 1 მილიონი ევროს ღირებულების თვინინგის პროექტის -„სემეკის შესაძლებლობების გაძლიერება დანახარჯების მარეგულირებელ აუდიტსა და ბაზრის მონიტორინგში“  დახურვის ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან სამთავრობო უწყებების, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები.

ღონისძიებას გახსნის ენერგეტიკის მინისტრი, ილია ელოშვილი, სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა, პროექტის  ლიდერი დიტმარ პრეინსტოფერი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილე კარლო ნატალე, ავსტრიისა და ლიტვის ელჩები საქართველოში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ, 1 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს, 21 თვის განმავლობაში ახორციელებდა ავსტრიის მარეგულირებელი უწყება – E-Control-ი, ლიტვის ენერგეტიკული კონტროლისა და ფასების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (NCC), ავსტრიის ენერგეტიკული სააგენტო და გერმანიის მარეგულირებელი – BNetzA. პროექტის მიზანს წარმოადგენდა სემეკის შესაძლებლობების გაძლიერება დანახარჯების მარეგულირებელ აუდიტსა და ბაზრის მონიტორინგში. ავსტრიელმა, ლიტველმა და გერმანელმა ექსპერტებმა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს ქართველ ექსპერტებს და ასევე ხელი შეუწყეს ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროპულ სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან.

ღონისძიება გაიმართება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (მისამართი: გუდიაშვილის ქუჩა N 7, თბილისი საქართველო). დასაწყისი 10:00 საათზე.

Comments
Loading...