ევროკავშირის ლიდერები ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაფართოებაზე შეთანხმდნენ

8

ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები შეთანხმდნენ, გააფართოონ ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

სანქციების სიაში შევლენ პირები და ორგანიზაციები, რომლებსაც კავშირი აქვთ 23 მაისს მომხდარ ინციდენტთან, რომლის დროსაც ბელარუსმა Ryanair-ის თვითმფრინავი აიძულა, მინსკში დამჯდარიყო. ამის შემდეგ ბელარუსის სამართალდამცავებმა დააკავეს თვითმფრინავში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი.

ლიდერები განიხილავდნენ აქტივების გაყინვას და მოგზაურობის შეზღუდვას სანქციების სიაში მყოფი პირებისთვის, ასევე საერთაშორისო საბანკო სისტემა SWIFT-იდან ბელარუსის გარიცხვის შესაძლებლობას.

მანამდე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბელარუსის ავიაციისთვის აკრძალვა შემოიღეს კავშირის 27-ვე წევრის საჰაერო სივრცით სარგებლობაზე. ოფიციალურ განცხადებაში ევროკავშირმა წევრი ქვეყნების ავიაკომპანიებს მოუწოდა, შეწყვიტონ ფრენა ბელარუსის ტერიტორიის თავზე.

გარდა ამისა, ევროკავშირი ბელარუსისგან მოითხოვს, გაათავისუფლოს რამან პრატასევიჩი და მასთან ერთად რუსეთის დაკავებული მოქალაქე სოფია საპეგა და გამოიძიოს თვითმფრინავის მინსკში იძულებით დასმის ინციდენტი.

Comments
Loading...