ევროკავშირის და გაეროს სურსათის ორგანიზაციის ექსპერტები საქართველოში სურსათის დანაკარგებს აფასებენ

428

საქართველოში სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გასაზიარებლად დაინტერესებული მხარეები შეიკრიბნენ. სემინარი, რომელიც თბილისში 24 მაისს ჩატარდა, ევროკავშირისა და  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით, სოფლისა და სოფლის მეურნეობისა განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას ENPARD-ის პროექტებში ჩართული მხარეები და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FAO-ს ექსპერტმა, მერიამ რეზეიმ სემინარის მონაწილეებს სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების კუთხით საქართველოში არსებული სიტუაცია გააცნო. ინფორმაცია მან მისიის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში შეაგროვა, სადაც შეხვდა და გამოკითხა თხილის, ციტრუსისა და კარტოფილის ღირებულებათა ჯაჭვის მონაწილე მხარეები: მწარმოებლები, გადამამუშავებლები, ექსპორტიორები და ასოციაციების წევრები.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა სხვადასხვა პროდუქტის დანაკარგების პრობლემას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ საკითხი დროულად მოსაგვარებელია. საკვების დანაკარგის მთავარ მიზეზებად ფერმერებსა და მწარმოებლებში კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის, ასევე მოსავლის დაბინავებისა და მოვლის უნარ-ჩვევების, და ტექნოლოგიების ცოდნისა და მათზე წვდომის ნაკლებობა დასახელდა.

FAO-ს ექსპერტის ხედვით, პრობლემასთან გამკლავებისთვის აუცილებელია სექტორში განათლების ამაღლება და ახალი ტექნოლოგიების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება, და მასთან, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება. გარდა ამისა, მთავრობას მიეცა რეკომენდაცია სურსათის დანაკარგების შემცირების ეროვნული სტრატეგიის შემუშავების შესახებ.

"სემინარის მიზანი იყო ქართველ კანონმდებლებთან ერთად სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე გვემსჯელა და განგვესაზღვრა, თუ რა გავლენა აქვს ამ დანაკარგებს ფერმერებისა და მწარმოებლების შემოსავალზე", განაცხადა მერიემ რეზეიმ.

გლობალურად, ადამიანთა მოხმარებისათვის წარმოებული სურსათის 1/3 (1.3 მილიარდი ტონა) ღირებულებათა ჯაჭვში იკარგება. შედეგად, მსოფლიოში ნაკლები საკვებია ხელმისაწვდომი, რასაც თავის მხრივ სურსათის უსაფრთხოების პრობლემამდე მივყავართ. გარდა ამისა, სურსათის დანაკარგები და ნარჩენები გარემოზეც უარყოფითად ზემოქმედებენ. პრობლემის გადასაჭრელად FAO-ს გლობალური რეკომენდაციაა: წარმოების უკეთ დაგეგმვისა და მისი ეფექტურობის ამაღლება, სურსათის შენახვისა და შეფუთვის ტექნოლოგიების გაუმჯობესება, ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის მენეჯმენტის დახვეწა და ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული აქტორების, მათ შორის ქალებისა და მცირე მწარმოებლების თანაბარი ჩართულობა და მონაწილეობა.

ENPARD-ის პროგრამა ეხმარებას საქართველოს სურსათის დანაკარგების შემცირების პრობლემის გადაჭრაში. პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან მიმდინარეობს და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. 2013-2019 წლებისათვის პროგრამის ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი: www.enpard.ge

Comments
Loading...