“ევექსი” პირველადი ჯანდაცვის განვითარების ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

418

24 ივნისს, სასტუმრო ბილტმორში პირველადი ჯანდაცვის განვითარების თემაზე  რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის გამართულ და მაღალკვალიფიციურ მუშაობას.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგებიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები როგორც საქართველოდან, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. კონფერენციის ფარგლებში გრონინგენის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი, ჰოლანდიელი ლიპიდოლოგი პიტერ ლანსბერგი ქართველ ექიმებს გააცნობს სიახლეებს ლიპიდური ცვლის დარღვევებსა და მათ მართვაზე. ესტონეთიდან მოწვეული, ტარტუს უნივერსიტეტის საოჯახო მედიცინის კათედრის პროფესორები რუთ  კალდა და ანელი რატსეფი წაიკითხავენ მოხსენებას პირველადი ჯანდაცვის ესტონურ მოდელსა და მათ ხედვას ქრონიკული პოლიპროფილური პაციენტის მართვის პროცესში.

კონფერენციაზე  აგრეთვე გაშუქდება პირველადი ჯანდაცვის სფეროში არსებული ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: კარდიოვასკულარული სისტემის პათოლოგიები, ანგიოლოგიური პრობლემები, ანტენატალური მეთვალყურეობის განახლებული რეკომენდაციები, საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები, ონკო-სქრინინგ პროგრამები, ენდოსკოპიური დიაგნოსტიკის საკითხები პირველადი რგოლის ექიმებისთვის, აქტუალური პედიატრიული პათოლოგიები, რეაბილიტაციისა და ფიზიოთერაპიის სიახლეები.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ახალი მიმართულებებიც.

საერთაშორისო კონფერენცია აკრედიტებულია სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ და მონაწილეებს  უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტ ქულები მიენიჭებათ.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მომავალშიც გეგმავს საგანმანათლებლო აქტივობებს სამედიცინო პერსონალისთვის.

Comments
Loading...