დღეს თბილისის იუსტიციის სახლი 22:00 საათამდე იმუშავებს

127

დღეს იუსტიციის საახლი, რეკორდული ოდენობის მომხმარებლის გამო, 22:00 საათამდე გააგრძელებს მუშაობას. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ სხილაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცნობილია, ყველა ის პირი, რომელიც ახორციელებს “შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დაარეგისტრიროს. რეგისტრაცია მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაიწყო (მთავრობის 27.07.2018წ. N381 დადგენილების ძალაში შესვლისთანავე) და 1 ოქტომბრამდე გრძელდებოდა.

პირველ ოქტომბრამდე ეწურება ვადა ასევე ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღებას, რომელიც 21 აგვისტოდან თბილისის იუსტიციის სახლშიც გაიცემა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1 ოქტომბრიდან არალიცენზირებული ტაქსი დაჯარიმდება, თუმცა ლიცენზიის გაცემა გაგრძელდება ისე, როგორც ამ დრომდე მიმდინარეობდა.

“მიუხედავად იმისა, რომ ორივე სერვისი მინიმუმ თვეზე მეტია მშვიდ ვითარებაში გაიცემა, ვინაიდან 1 ოქტომბრამდე სრულდება მათი გაცემის ვადები, მომხმარებლის დიდმა უმრავლესობამ იუსტიციის სახლს სწორედ სერვისის გაცემის ბოლო დღეს მიმართა”, – აცხადებენ იუსტიციის სახლში.

Comments
Loading...