დღეს აზროვნების აკადემია “ლეტერატოს” პრეზენტაცია გაიმართება

313

დღეს გაიმართება აზროვნების აკადემია "ლეტერატოს" პრეზენტაცია, რომლის ამოცანაა სკოლისაგან დამოუკიდებელ დროს მოზარდებს ზოგადი განათლებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაში დაეხმაროს.

სასწავლო პროგრამა შედგენილია ინოვაციურ მიდგომებზე დაყრდნობით, რომელიც მოიცავს სწავლების ინტერაქტიულ პროცესში თამაშების, სიმულაციების, ქეისებისა და დებატების ელემენტებს. "ლეტერატოს" გუნდი იმუშავებს როგორც  მოზარდების ზოგადი განათლების ამაღლებაზე, ასევე მათ აღჭურვაზე ლოგიკური, საპრეზენტაციო, საკომუნიკაციო, შემოქმედებითი და სწრაფად აზროვნების უნარებით. მოსწავლეები დაეუფლებიან ლოგიკას, არგუმენტირებულ მსჯელობას, გაეცნობიან მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს, შეძლებენ წაკითხულის უკეთ გააზრებას და შეისწავლიან ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობებს. სწავლების მიმდინარეობისას ისინი შეხვდებიან სხვადასხვა სფეროში მოღვაწე საინტერესო ადამიანებს, რომლებიც მათ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. აზროვნების აკადემია V-XII კლასის მოსწავლეებისათვის არის განკუთვნილი და მათ წიგნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და ხელოვნების ისტორიის კლასებს სთავაზობს.

"დღევანდელ დღეს, როდესაც ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობა პრობლემას აღარ წარმოადგენს, მომავალი თაობებისათვის ინფორმაციის სწორად მიღება და მისი ანალიზის უნარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. წიგნიერება და ერუდიციაც სხვა მნიშვნელობას იძენს, რომელიც, დღევანდელ ციფრულ სამყაროში, ხელს უწყობს არა მარტო თვალსაწიერის გაფართოებას ან გამოცდილების მიღებას, არამედ მოზარდებში წარმოსახვის უნარის, შემოქმედებითი პროცესების განვითარებას და მზა პასუხებისაგან დამოუკიდებლად, ინდივიდუალური აქტის მეშვეობით, საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას. ჩვენი ამოცანაა მოზარდებში სწორედ ამ პროცესებს მივცეთ ბიძგი", – აღნიშნავს "ლეტერატოს" დამფუძნებელი და დირექტორი თამარ რაზმაძე.

აზროვნების აკადემია სასწავლო პროცესს ოქტომბრიდან დაიწყებს. ამჟამად მიმდინარეობს მოსწავლეთა რეგისტრაცია.

Comments
Loading...