დღეიდან თბილისის რამდენიმე უბნის და სენაკის მოსახლეობას გაზის ტარიფი უძვირდება

5

დღეიდან 37 000 აბონენტი გაზის საფასურს გაძვირებული ტარიფით გადაიხდის. კერძოდ, ბუნებრივი აირი უძვირდება თბილისის სამი უბნის – გლდანის, მუხიანის და ვარკეთილის, ასევე ქალაქ სენაკის მოსახლეობას. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 28 ივნისის საჯარო სხდომაზე მიიღო.

სემეკის ინფორმაციით, გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები დაკორექტირდა. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი მცირე კომპანიებისათვის – შპს „გასკო +“, შპს „ვარკეთილაირი“, სს „ენერგოკავშირი“ ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების კორექტირებული ტარიფები ძალაში დღეიან შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

მათივე ინფორმაციით, შპს „გასკო +“ სენაკში ოპერირებს და 9 000-მდე აბონენტს ემსახურება. შპს „ვარკეთილაირი“ თბილისში ოპერირებს, ვარკეთილში 16 000-მდე აბონენტს ემსახურება. სს „ენერგოკავშირი“ ოპერირებს თბილისში, გლდანისა და მუხიანის რამდენიმე მიკრორაიონში 12 000-მდე აბონენტს ემსახურება.

„კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, შპს „გასკო +“-ის კორექტირებული ტარიფია 53.351 თეთრი/მ3 დღგ-ს ჩათვლით. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 48.301 თეთრი/მ3-ს.

შპს „ვარკეთილაირის“ კორექტირებული ტარიფია 57.062 თეთრი/მ3. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 48.677 თეთრი/მ3-ს.

სს „ენერგოკავშირის“ კორექტირებული ტარიფია 57.794 თეთრი/მ3. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 49.443 თეთრი/მ3-ს.

ტარიფების ცვლილების საფუძველს წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სემეკში შესული კომპანიების მოთხოვნები ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაახლოებით, ერთი თვის წინ ბუნებრივი გაზი “თბილისი ენერჯის” მომხმარებლისთვის 8 თეთრით გაძვირდა. სამომხმარებლო ტარიფების ზრდა თავად კომპანიის მოთხოვნით მოხდა. შედეგად 1 ივნისიდან ქვეყანაში ახალი ტარიფი მოქმედებს და 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 46 თეთრის ნაცვლად 54 თეთრი ღირს. ტარიფის ცვლილება გამოიწვია ტარიფის ერთ-ერთი კომპონენტის – გაზის მიწოდების ზღვრული ტარიფის ცვლილებამ, რომელიც 26.8 თეთრიდან 33.4 თეთრამდე გაიზარდა. ტარიფის ცვლილების ძირითადი მიზეზი ლარის კურსი გახდა.

Comments
Loading...