დღეიდან, დედაქალაქში ახალი მიკროავტობუსებით მგზავრობა 50 თეთრი ეღირება

6

დღეიდან დედაქალაქში ახალი მიკროავტობუსებით მგზავრობა 80 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი ეღირება და ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათ-ნახევრის განმავლობაში მეტროთი, ავტობუსითა და ახალი მიკროავტობუსით მგზავრობა შეეძლება.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მგზავრები მიკროავტობუსებშიც ისარგებლებენ ყველა იმ საშეღავათო პირობებით, რაც ახლა მეტროსა და ავტობუსებში მოქმედებს.

მათივე ინფორმაციით, თბილისში 2021 წლის ბოლომდე არსებული ყვითელი მიკროავტობუსების პარკი სრულად ჩანაცვლდება.როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა მთავრობის სხდომაზე, შემოდის ახალი ინტეგრირებული სისტემა, რომელიც აქამდე არ იყო. საუბარია ახალი მიკროავტობუსებით  უფასო გადაადგილებაზე.

“1 აპრილიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებულ სისტემას ახალი მიკროავტობუსები ემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გადახდიდან 90 წუთის განმავლობაში უფასოდ გადაჯდომა, გარდა მეტროსა და ავტობუსისა, ახალ მიკროავტობუსებშიც იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, პირველი აპრილიდან, ახალ მიკროავტობუსებზე შეღავათიანი ტარიფის სისტემაც გავრცელდება და იმ მოქალაქეებს, რომლებიც მეტროში და ავტობუსში შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობენ, ანალოგიურად, შეღავათით სარგებლობა შეეძლებათ მიკროავტობუსებშიც”, – განაცხადა თბილისის მერმა.

Comments
Loading...