დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე ელექტროენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება განიხილეს

33

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოწვევით სასტუმრო "ბილტმორში" საქართველოს დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი უძღვებოდა.ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრის ფორმატში წარმოდგენილი იყო საქართველოს ენერგეტიკული სექტორის საერთაშორისო მხარდამჭერის უზრუნველმყოფი თითქმის ყველა მძლავრი ფინანსური ინსტიტუტი, ორგანიზაცია თუ პროგრამა: USAID და მისი ეგიდით მოქმედი დარგობრივი პროგრამები, KfW, EBRD, EIB, ევროკავშირის წარმომადგენლობა,  მსოფლიო ბანკი, IFC,  ADB და ნორვეგიის მარეგულირებელი ორგანო (NVE).

შეხვედრაზე განიხილეს საკონსულტაციო კომპანიების –  Nord Pool Consulting-ის (ნორვეგია) და Bluberries-ის (გერმანია) მიერ შემუშავებული "საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ორგანიზაციული კონცეფცია." როგორც შეხვედრაზე კომპანია Nord Pool Consulting-ის ხელმძღვანელმა, ჰანს ბრედესენმა  განაცხადა,  კონცეფციის შედგენა იმ დიდი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც წარმატებით ხორციელდება ს/ს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან" თანამშრომლობით და მიზნად ისახავს საქართველოში ორგანიზებული ელექტროენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბების პირობების შექმნას.

საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში გაიმართა საგნობრივი დისკუსია, სადაც კომპანია Nord Pool Consulting-ის ხელმძღვანელმა, ჰანს ბრედესენმა პასუხი გასცა დასმულ კითხვებს და განმარტა, რომ საქართველოში ორგანიზებული ელექტროენერგეტიკული ბირჟის (Power Exchange) დაფუძნება და თანამედროვე საბაზრო მექანიზმების დანერგვა განხორციელდება ეტაპობრივად, წლებზე გაწერილი სტრატეგიის გამოყენებით. ამასთან, ეს რეფორმა არსებითად დაახლოებს საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორს ევროკავშირის სამიზნე მოდელთან და ხელს შეუწყობს ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას.​

Comments
Loading...