“დმანისის გადარჩენის ფონდი” განცხადებას ავრცელებს

151
"დმანისის გადარჩენის ფონდის" წარმომადგენლები ვეხმაურებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დღეს გაკეთებულ კომენტარს ევკალიპტის ჯიშის ხის გადატანის თაობაზე", – ამის შესახებ განცხადებას "დმანისის გადარჩენის ფონდი" ავრცელებს.
 
"შეგახსენებთ, რომ "დმანისის გადარჩენის ფონდის" წარმომადგენლები ჩავერთეთ 22 მარტს გამოცხადებულ ონლაინ აუქციონში, აუქციონში დასარეგისტრირებლად ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იყო ხელშეკრულების პირობებზე ავტომატური თანხმობა – ელ.ხელმოწერა.
სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ხელშეკრულება დამყარებული უნდა იყოს ორივე მხარის ნებაზე, თუმცა, სადაო ნორმების არსებობის შემთხვევაშიც, ერთ-ერთი მხარე არ კარგავს უფლებას მოითხოვოს კონკრეტული მუხლის ან ჩანაწერის ბათილობა. სწორედ ამიტომ, პირველ ეტაპზე მოლაპარაკების გზით ვაპირებთ სადაო პუნქტებზე მსჯელობას. აღნიშნულ საკითხების განსახილველად ჩვენსა და მომსახურების სააგენტოს იურისტებს შორის ჩანიშნულია შეხვედრა სამშაბათს, 24 აპრილს.
 
მოლაპარაკების პროცესში თუ ვერ მივაღიწეთ შეთანხმებას, მაშინ ვაპირებთ სასამართლოს გზით დავას. ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ ხე ადგილზე დარჩეს. რადგან, გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ აუქციონის პირობები მორგებული იყო ერთი კონკრეტული ადამიანის ინტერესებს, ამ ეჭვს ამყარებს ისიც, რომ ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, არ არის დასაბუთებული რა აუცილებლობა არსებობდა კონკრეტულად ამ ხის გადატანის.  ამ კითხვაზე მათი პასუხია, რომ მომსახურების სააგენტოს  კომპეტენციას არ წარმოადგენს ევკალიპტის ადგილიდან გატანის შემთხვევაში, როგორ მოხდება გამოთავისუფლებული ადგილის გამოყენება.
 
აღსანიშნავია, რომ ხე არ გაყიდულა როგორც შეშა, პირობაშიც არსად წერია, რომ ხის შეშის სახით გამოყენების უფლება გვაქვს, აქედან გამომდინარე ევკალიპტის ხე არის ნიადაგთან ერთად სამართლის სუბიექტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ირღვევა საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ნიადაგის დაცვის შესახებ საქართველოს კანონი, მცენარეთა დაცვის კოდექსი და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენცია", – ნათქვამია განცხადებაში.
Comments
Loading...