დიმიტრი ქუმსიშვილმა BSEC- ის საიუბილეო სამიტში მონაწილეობა მიიღო

339

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) დაარსების 25-ე იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა BSEC-ის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა სამიტი, რომელშიც საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით.

ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციების წინაშე გამოსვლისას, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა BSEC-ის როლს, როგორც ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით წამყვან რეგიონულ ორგანიზაციას. აღინიშნა, რომ ორგანიზაციის მხრიდან საჭიროა ახალი ინიციატივებისა და ერთობლივი პროექტების ხელშეწყობა, რათა საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დაცვით, BSEC-ის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ხარისხი გაიზარდოს. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-სატრანზიტო პროექტებში და მხარს უჭერს რეგიონულ და საერთაშორისო ინიციატივებს, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი, მულტიმოდალური ბლოკ-მატარებელი „Silk Wind“, სატრანსპორტო დერეფნები „Lapis Lazuli“ და „სპარსეთის ყურე, ირანი – შავი ზღვა, ევროპული ქვეყნები“. 

ამასთან საქართველო, როგორც სტრატეგიული რეგიონული პარტნიორი, „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ გლობალური პროექტის ცენტრალური კორიდორის განვითარებას მხარს უჭერს. ასეთი კორიდორის მიზანია უზრუნველყოს ტვირთის ეფექტურად მოძრაობა შორეული აზიიდან, შავი ზღვის რეგიონის გავლით ჩრდილო-დასავლეთი ევროპის მიმართულებით და პირიქით სარკინიგზო გზის მეშვეობით.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში უსაფრთხოებისა და კონფლიქტების დარეგულირების მხრივ არსებულ პრობლემებზე, რომლებიც აფერხებენ BSEC-ის წევრ ქვეყნებს შორის ეფექტური ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასა და ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობას.

სამიტის ფარგლებში მიღებულ იქნა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) დაარსების 25-ე საიუბილეო დეკლარაცია, რომლის ტექსტი  შეთანხმდა 2017 წლის 21 მაისს გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს (CMFA) სპეციალურ სხდომაზე. 

საქართველოს დელეგაციის მოთხოვნით, დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა BSEC-ის წევრი ქვეყნების მიერ გაეროს წესდებით, ჰელსინკის დასკვნითი აქტის და ახალი ევროპისათვის პარიზის ქარტიით გათვალისწინებული პრინციპებისა და წესების დაცვის მხარდაჭერა.

ქართული მხარის წინადადებით, BSEC-ის სამიტის დეკლარაციაში პირველად იქნა დაფიქსირებული დებულებები შავ ზღვაში საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფისა და BSEC-ის წევრ სახელმწიფოებში ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა (Internally Displaced Persons – IDP) უფლებების დაცვის აუცილებლობის თაობაზე.

Comments
Loading...