დიმიტრი ქუმსიშვილმა სსფ-სა და მსოფლიო ბანკის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

411

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ქვეყნების ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სომხეთის ქალაქ დილიჟანში გაიმართა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მასთან ერთად შეხვედრას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, აგრეთვე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი საგანელიძე. 

შეხვედრაზე, რომელშიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგი, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი სირილ მიულერი, ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ჰემსკერკი, აგრეთვე სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი მონაწილეობდნენ, განხილული იყო მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციები და გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დოლარიზაციის მაღალ კოეფიციენტზე, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა არაერთი ქვეყნის მთავრობისა და ცენტრალური ბანკისთვის. 

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ქვეყნების ჯგუფის შეკრების ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა.

Comments
Loading...