დიმიტრი ქუმსიშვილი: მთვრობას სესხების გალარების სუბსიდირების კრიტერიუმები წარვუდგინეთ

419

“დღეს ჩვენ საქართველოს მთავრობას წარვუდგინეთ ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა მოახდენს სესხების გალარების სუბსიდირებას”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა.

მისი განმარტებით, სუბსიდირება შეეხება ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 2015 წლის განმავლობაში 100 ათას ლარს არ აღემატებოდა. ამასთან ამ ფიზიკური პირების მთლიანი სესხის ნაშთი 2015 წლის 1 იანვრისთვის 40 ათას დოლარზე მეტი არ უნდა იყოს.

“თუმცა, იმ შემთხვევაში თუ მათ 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 28 ნოემბარმდე სესხი დაფარეს, ამ შემთხვევაში 2016 წლის 28 ნოემბრისათვის არსებული ნაშთის სუბსიდიას განახორციელებს მთავრობა.

რა თქმა უნდა მსესხებელს შესაძლებელია ქონდეს მეტი სესხი, თუმცა იმ ნაწილზე საქართველოს მთავრობა სუბსიდირებას არ განახორციელებს და ეს იქნება მსესხებლის გადაწყვეტილება.

აღნიშნულით რა თქმა უნდა ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა შემცირდება, რადგან მსესხებლები, რომლებსაც ყოველთვიურად უწევდათ ვალუტის შეძენა მათი შემოსავლების კვალდაკვალ სესხის დასაფარად, ამის გაკეთება არ მოუწევთ. ეროვნული ბანკი პირდაპირ მიაწვდის გალარებისთვის საჭირო ვალუტას კომერციულ ბანკებს”, – აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.
მინისტრის ინფორმაციით, ეს სუბსიდირება სავარაუდოდ 33 ათას მსესხებელს შეეხება.

“მსესხებლების რაოდენობა დაზუსტდება მას შემდეგ, რაც გადამოწმებული იქნება უკვე კონკრეტულ მსესხებლებზე შემოსავლების რაოდენობა და ასევე მომართვიანობის რაოდენობა.

საბოლოო ჯამში, აღნიშნული ქმედების მიზანია, ჩვენ მაქსიმალურად შევამციროთ დამოკიდებულება ვალუტის რყევებთან მიმართებაში ჩვენი მოსახლეობის სესხის მომსახურების ნაწილში, რაც თავისთავად საბოლოო ჯამში გამოიწვევს იმას, რომ ჩვენ მოსახლეობას აღარ გაეზრდება და აღარც შეუმცირდება ის ყოველთვიური გადასახადი, რომელსაც ისინი იხდიდნენ სესხის ძირის და პროცენტის მომსახურებაში, იმ შემთხვევაში თუ ვალუტის რყევა იქნებოდა“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Comments
Loading...