დიმიტრი ქუმსიშვილი დეპუტატებს ეკონომიკის სამინისტროს რეფორმებს აცნობს

209

მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას დღეს საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში მოუსმენენ. ამ წუთებში პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი  საპარლამენტო კომიტეტების წარმომადგენლებს  საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ საკუთარ ხედვას  წარუდგენს.

რეფორმის  მთავარ მიზანს მაღალი ეკონომიკური ზრდისა  და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

"საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, 2016 წლიდან ჩვენ დავიწყეთ  რეფორმების განხორციელება, რომლებიც საზოგადოებაში ცნობილია როგორც "4 პუნქტიანი გეგმა – ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვისთვის". აღნიშნული სამოქმედო პროგრამა მოიცავს როგორც მოკლევადიან, ისე საშუალო და გრძელვადიან რეფორმებს, რომელთაც ჩვენ 2017–2020 წლამდე განვახორციელებთ. ამ გეგმის სისტემური და რაციონალური განხორციელება გაგვიხსნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს – საქართველოს სწრაფი და შეუქცევადი განვითარების გზაზე დააყენებს", – განაცხადა დეპუტატების წინაშე გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მთავრობის ნდობის გამოცხადების საფუძველი  განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები გახდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი შეუერთდა. პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გაერთიანება მექანიკურად არ მომხდარა.

"მას უძღოდა სერიოზული მსჯელობა და ანალიზი, როგორ გაგვეხადა უფრო მეტად ეფექტიანი და მოქნილი ამ უწყებებში შემავალი დარგების მენეჯმენტი, კერძო სექტორისთვის კი კიდევ უფრო გაგვეიოლებინა კომუნიკაცია საჯარო სექტორთან, მაქსიმალურად შეგვემცირებინა ბიუროკრატიული ბარიერები ისე, რომ ყველას  – ბიზნესისა და საზოგადოების ინტერესები მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული", – აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ხუთი კომიტეტის: – აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები  პრემიერმინისტრის მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის და ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დასახელებულ პირებს ხვდებიან.

Comments
Loading...